ოფიციალური თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი ნესტერენკოს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას "სიცრუეს" უწოდებს.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ა. ნესტერენკომ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე მიმართა უსუსურ მცდელობას, გაემართლებინა რუსეთის საოკუპაციო ჯარების ე.წ. მესაზღვრეების დანაშაულებრივი ქმედება, რომელთაც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე გაიტაცეს საქართველოს 16 მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვანიც. გვსურს შევახსენოთ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები მოიცავს როგორც აფხაზეთს ასევე ცხინვალის რეგიონს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციით და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების თანახმად, სახელმწიფოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარები საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, როგორც წესი, ურცხვ სიცრუეს წარმოადგენს და გამონაკლისი არც მოცემული კომენტარია, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას (№ 6/4729-10) რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტის თაობაზე, რომელიც შუამავლის, შვეიცარიის მხარის მეშვეობით გადაეცა რუსეთის საგარეო უწყებას. ვურჩევდით რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენლებს რაიმე კომენტარის გაკეთებამდე ყურადღებით გაეცნონ ოფიციალურ კორესპონდენციას, მით უმეტეს, როდესაც მისი შინაარსი ცნობილია მესამე მხარისათვისაც", - აღნიშნულია განცხადებაში.