ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა მოკლულის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომა ხმაურით წარიმართა.
ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა პროკურატურას FBI-ის დასკვნის დამალვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პროკურორი ამირან გულუაშვილი არის მატყუარა, რადგან თქვა, რომ არსებობს ამერიკის ფედერალური ბიუროს საბოლოო დასკვნა. თუმცა ის საქმეში არ არის.
პროკურორის განმარტებით, ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა, გააჩნია დაცვის მხარეს.
პროცესზე ბრალდებულმა გურამ დონაძემ. სასამართლო სხდომების დარბაზში ბრალდებულების მიმართ გამოთქმული რეპლიკები გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს შეურაცხყოფას.
მას დარბაზიდან მოკლულის მამა სოსო რობაქიძე გამოეხმაურა.
"ჩემს დას რომ სპეცრაზმი გაუგზავნე ის თქვი, ვინ იყო მაშინ შეურაცხყოფილი. სამი წელი გაიძახოდი, რომ ჩემს შვილს და მასთან ერთად მყოფებს იარაღი ჰქონდათ და ახლა ამბობ, რომ არ ჰქონია იარაღი", - განაცხადა რობაქიძემ, რომელსაც მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
აღნიშნულის შემდეგ პროცესი ბრალდების მხარის მოწმის, ელიზბარ ჩიკვაიძის დაკითხვით გაგრძელდა. დაცვის მხარის შეკითხვამ სოსო რობაქიძის გაღიზიანება გამოიწვია. მან ბრალდებულებს მკვლელები უწოდა და დარბაზი ყვირილით დატოვა.
კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ელიზბარ ჩიკვაიძემ დაცვის მხარის შეკითხვაზე, მოაწერა თუ არა ხელი მან ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩხრეკის ოქმს, მოწმემ აღნიშნა, რომ შესაძლოა მოაწერა.
მანამდე კი, მოწმე აცხადებდა, რომ ოქმზე ხელი არ მოუწერია. მას ბრალდებულების ადვოკატებმა აჩვენეს ოქმი, რომელზეც ხელს აწერს. მოწმემ აღნიშნა რომ "მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, რომელსაც დონაძე ხელმძღვანელობდა, მონაწილეობა არ მიუღია".