კულტურის სამინისტროში ის დოკუმენტი წარმოადგინეს, რომლის საფუძველზეც, ვან დეიკის ნამუშევრის საქართველოდან გატანის შესახებ ნებართვა გაიცა.
,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ მაცაბერიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში ნახატის შექმნის ადგილად დასახელებულია ევროპა, ხოლო მხატვარი არის უცნობი.
"საკითხი განხილული იყო მაშინ მოქმედ კომისიის სხდომაზე და ახლავს დასკვნა, სადაც შექმნის ადგილად დასახელებულია ევროპა. მხატვარი არის უცნობი. შექმნის თარიღია მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნის დასაწყისი და საზღვარგარეთ გატანა არის დასაშვები. ამის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი ნებართვა ნამუშევრის გატანაზე, რომელიც 2010 წლის 8 დეკემბერს გაიცა", - აცხადებს მაცაბერიძე.
კომისიის მაშინდელი წევრი დალი ლებანიძე კი ირწმუნება, რომ 2010 წელს განხილული ნახატი ვან დეიკის ნამუშავერი არ იყო.
"ამ წუთას კიდევ ერთხელ ვნახეთ კულტურის სამინისტროში, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ამ ნამუშევრის ფოტოებს, დოკუმენტაციას და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უგემოვნო, დაუსრულებელი დეტალი, რომელიც არაფრით არ ჰგავს ვან დეიკის არც სტილს, არც ხელწერას. ვან დეიკი რომ ყოფილიყო, მეტ ყურადღებას დაიმსახურებდა ნამდვილად", - აცხადებს ,,რუსთავი 2“-თან ლებანიძე.
კულტურის სამინისტროში ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონ ვან დეიკის, ტილოსთან დაკავშირებით იმყოფებიან ზაჰირ ჰუსეინოვი, რომელიც აცხადებს, რომ ნახატი აბაშიძეების ოჯახისგან კანონიერი გზით შეიძინა და ასევე მალხაზ მახარაძე, რომელიც მათ შორის შუამავალი იყო.
"2010 წელს გაყიდული სურათის ნებართვის შესახებ დოკუმენტაციის გამოთხოვა მსურს. ეს სურათი არც მოპარულია და არც უკანონო გზებითაა შეძენილი", - განაცხადა ზაჰირ ჰუსეინოვმა.
ტილოზე პრეტენზიას აცხადებს თბილისში მცხოვრები ეკა აბაშიძეც. მისი თქმით, ნახატი მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ის მალხაზ მახარაძესა და ზაჰირ ჰუსეინოვს ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდეს. აბაშიძეების მტკიცებით, მახარაძემ და ჰუსეინოვმა შეთანხმებული 37 000 დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 7 000 დოლარი გადაუხადეს.
ვან დეიკის ტილოს ირგვლივ ახალი დავა წარმოიშვა. ამ ნამუშევრის მფლობელობაზე ჰუსეინოვებისა და აბაშიძეების ოჯახები ერთდროულად აცხადებენ პრეტენზიას. პარალელურად ორივე მხარე თურქი ექსპერტების დასკვნას ელოდება, რომლითაც გახდება ცნობილი, არის თუ არა ტილო ნამდვილად ვან დეიკის მიერ შექმნილი.