ეკატერინე აბაშიძე საგამოძიებო უწყებას ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით სრულ დოკუმენტაციას ხვალ მიაწვდის. ამის შესახებ მან ფინანსთა სამინისტროში სამ საათინი დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
"აინტერესებდათ ტილოს ირგვლივ ინფორმაცია, მე მივაწოდე ეს ინფორმაცია. გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. მე ორშაბათს ყველა მტკიცებულება მექნება, იმის დასადასტურებლად, რომ ეს სურათი ჩვენი იყო. მივიტან ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც ჰუსეინოვთან არის გაფორმებული. ასევე წარვადგენ საბუთებს, რომ მან იყიდა ნახატი და არ გადაიხადა თანხა სრულად. კიდევ მაქვს სურათები, სადაც დაფიქსირებულია, რომ დედაჩემის ოჯახში კიდია ეს სურათი ჩარჩოთი", - აღნიშნა ეკა აბაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, ჰუსეინოვს მასთან ვან დეიკის ტილოს მოპარვის ან დაკარგვის შესახებ არასოდეს უსაუბრია. აბაშიძე იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები გამოიკვლევენ რამდენად რეალობას საუბრობს ჰუსეინოვი.
შეგახსენებთ, გარდაბანში მცხოვრები ზაჰირ ჰუსეინოვი აცხადებს, რომ ვან დეიკის ტილო აბაშიძეების ოჯახისგან შეიძინა და თურქეთში ლეგალურად გაიტანა. მისი თქმით, დოკუმენტაციის გასაფორმებლად სურათი კულტურის სამინისტროში მიიტანეს, სადაც ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა და ტილო 5 000 ლარად შეაფასეს.
"მე და ჩემმა მეგობარმა მალხაზ მახარაძემ სურათი აბაშიძეებისაგან ყველა წესის დაცვით შევიძინეთ. მოგვიანებით კი დოკუმენტაციის გასაფორმებლად სურათი კულტურის სამინისტროში, შესაბამის პირებს ვაჩვენეთ. უწყებაში ფერწერული ტილო 5 000 ლარად შეაფასეს, თუმცა ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმე საკმაოდ ძველ ნამუშევართან გვქონდა. ტილოს საზღვარზე გადატანის დროს ყველა დოკუმენტი თან გვქონდა და საქართველოდან მისი გატანა ლეგალურად მოხდა. თავდაპირველად სურათი სამსუნში, ჩვენს მეგობართან დავტოვეთ, თუმცა როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ოჯახიდან ტილო ჩემი მეგობრის შვილმა მოიპარა. ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასაჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია. ჩემთვის არც საგამოძიებო უწყებას და არც სხვა პირებს არ მოუმართავთ", - განაცხადა ჰუსეინოვმა..
8 იანვარს თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან.