ვან დეიკის 14 მილიონ დოლარად შეფასებული ტილოს არალეგალურად გაყიდვის მცდელობისთვის თურქეთში 2 ბიზნესმენი დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულები ქართველები არიან. თურქული მედიის ცნობით, დეიკის ტილო თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდული გზით შევიდა. ევროპიდან მოპარული ტილო კი საქართველოში რუსეთის გავლით მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნახატის გაყიდვაზე ბიზნესმენები, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, მოლაპარაკებებს უკანონოდ აწარმოებდნენ. პოლიციამ ისინი სასტუმროში დააკავა, სადაც მყიდველების სახით შეხვდნენ.
თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით თურქეთის არც ერთი ოფიციალური უწყება საელჩოს არ დაკავშირებია და მათთვის მსგავსი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
„იმ შემთხვევაში, როდესაც არის ან ეჭვმიტანილი, ან დაკავებული პიროვნება, თურქეთის შესაბამისი ორგანოები, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან პროკურატურა, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი მომართავენ ხოლმე ან საელჩოს, ან სტამბულში საკონსულოს, ან პოლიციის ატაშეს. მსგავსი ოფიციალური მომართვა, ან შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე არც ერთო ოფიციალური ორგანოებიდან არ ყოფილა.“ - აცხადებს ირაკლი კოპლატაძე.