პატიმრები შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულებების მცირე სარემონტო სამუშაოებზე დაასაქმონ.
შესაბამისი ცვლილებები - „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, თუკი პენიტენციურ დაწესებულებას ბრალდებული/მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობა აქვს, მას შეუძლია, ისინი მცირე სარემონტო სამუშაოებზე დაასაქმოს.
პროექტით, სამინისტრო მცირე სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს, რომლებსაც შესაბამის პროფესიაში გადაამზადებს და მათი მეშვეობით იმ მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, პენიტენციალურ სისტემაში იქნება.
სამინისტრო ფიქრობს, რომ ამ გზით მსჯავრდებულებს სამუშაო უნარები გამოუმუშავდებათ და შესრულებული სამუშაოებისათვის შესაბამისს ანაზღაურებას მიიღებენ.
„ასეთი ტიპის სამუშაოებზე მსჯავრდებულთა დასაქმება მათ რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს“, - განმარტავს სამინისტრო.
პროექტით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ანაზღაურების მიცემის წესს, ასევე იმ სამუშაოთა ჩამონათვალს, რომლებზეც შესაძლებელია მათი დასაქმება, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.