შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძე ბრალდებულად სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პაპიძის ავდვოკატის განმარტებით ბრალის ოფიციალური წარდგინება ე.წ. მოდულის შენობაში მოხდა.
ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ ასევე განაცხადა რომ ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და არ იცის რა მოხდა.
"ის ამბობს, რომ მისი მეუღლე და შვილი წავიდნენ სახლიდან. შემდეგ დააგვიანდათ. დაურეკა ტელეფონზე მეუღლეს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამის შემდეგ დააპირა წასულიყო, ახლომახლო ხომ არ იყვნენ მისი მეუღლე და შვილი. სულ შემთხვევით ნახა სადარბაზოში ისინი", - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკამტმა აღნიშნა, მაგდა პაპიძემ მას სთხოვა ჟურნალისტებისთვის ეცნობებინა, რომ შვილის გადარჩენას ცდილობდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა სურდა.
"დაკავების მომენტიდან მაგდა პაპიძეს არასდროს უღიარებია წარდგენილი ბრალდება და სიმართლეს არ შეესაბამება ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია", - განაცხადა ხათუნა ჩხაიძემ.
ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ მის მეუღლეს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რომელიც ვალებთან იყო დაკავშირებული.
ხათუნა ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაქუჩი.
"ჩაქუჩი არის ნივთმტკიცებად ამოღებული, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს დანაშაულთან. ჩაქუჩი შეძენილი იყო სათავსოში ჭერის შეკეთების მიზნით", - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ პაპიძეს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები გააჩნია.
მას არ დაუკონკრეტებია რა პრობლემებზე საუბრობდა.
ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ ხვალ, 22 დეკემბერს, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მიმართავს სასამართლოს.
ფოტო: ინტერნეტი