,,მოსამართლეებმა მეტად უნდა იზრუნონ თავიანთი პირადი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში და არა ხელისუფლების ან ერთმანეთის თვალში", - ამის შესახებ უსუფაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიერ ორგანიზებული ფორუმის დატოვებამდე განაცხადა. ,,ჩვენ უარი ვთქვით სასამართლოში იმ ტიპის რეფორმებზე, რაც გამოიწვევდა მასობრივ ცვლილებებს სასამართლო კორპუსში. ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ეს ერთხელ უკვე გაკეთდა საქართველოში და ყოველ 12 წელიწადში სასამართლო კორპუსის ძირფესვიანად შეცვლა საერთოდ თავდაყირა დააყენებდა სასამართლოებს. სტაბილურობა შენარჩუნებულია."მეორე მხრივ, საუბარი შეეხო სასამართლო სისტემაში მესამე ტალღის რეფორმას. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი ამ სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. გვჭირდება მეტი კვალიფიციური, დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში, ამიტომ ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა უვადოდ დაინიშნებიან მოსამართლეები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება მეტი დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლო კორპუსი არ შეიძლება იყოს მოწყობილი პოლიტიკური პარტიის პრინციპებზე.
"სასამართლოში ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა, რომლებიც გამოირჩევიან კანონისა და სინდისის წინაშე ლოიალურობით. ეს მიღწევადი ამოცანაა და ეს განხორციელდება. ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი პირადი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში და არა ხელისუფლების ან ერთმანეთის თვალში", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.