თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზეუმი) გაიმართება რობერტ ბარძიმაშვილის 80 წლის იუბულესადმი მიძღვნილი საღამო. მუზეუმის უკვდავთა ბაღში დაიდგმება რობერტ ბარძიმაშვილის ბიუსტი, გაიმართება მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ალბომის პრეზენტაცია (ალბომს ერთვის CD). რობერტ ბარძიმაშვილს გაიხსენებენ მისი მეგობრები, ცნობილი მუსიკოსები, ეკრანზე ნაჩვენები იქნება უნიკალური ვიდეო და ფოტომასალა.
ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი (ხელმძღვანელი ი. ლობჟანიძე), დიზაინი ეკუთვნის კახა ბახტაძეს, იდეის ავტორი და საღამოს წამყვანი გახლავთ ნია ბახტაძე.
განუზომლად დიდია საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, რობერტ ბარძიმაშვილის ღვაწლი ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. ქართული ესტრადის ისტორიაში რობერტ ბარძიმაშვილმა სიახლეებით დაიმკვიდრა თავი. უნიჭიერესი მუსიკოსი, ნოვატორი, პირველი ქართველი მენეჯერი,არა მარტო საქართველოში,არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. მის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მაღალმხატვრული საესტრადო ანსამბლის დაარსება. მათ შორის ვოკალურ - ინსტრუმენტული ანსამბლი ,,ორერა'', ანსამბლები ,,ვია 75'',''ჯორჯია'',ჯგუფი ,,ბარძიმი''და საბავშვო ანსამბლი ''ლახტი''. რობერტ ბარძიმაშვილი ინტერესების ძალზედ ფართო სპექტრს ფლობდა. მას ჰქონდა საოცარი ინტუიცია და დროის შეგრძნება. მან აღმოაჩინა და გზა გაუკვალა შემდგომში უკვე საყოველთაოდ ცნობილ კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს.