ბატონი დავით ივანიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ვაჟა პაპასკირმა გამაცნო.
_ ეს არის უნიჭიერესი მხატვარი და სწორედ ამიტომ გამოვფინე მისი ნახატები ბიბლიოთეკაშიო, - მითხრა ბატონმა ვაჟამ.
საქმე ისაა, რომ ვაჟა პაპასკირის დახვეწილი გემოვნების შესახებ უნივერსიტეტში ყველამ იცის და რაკი ბატონმა ვაჟამ ნახატები თავისი დიდი შრომით მოწყობილ ბიბლიოთეკაში შეიტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნამუშევრები მართლა კარგია და მხატვარი მართლა ნიჭიერი...
ერთხელ გამოფენაზე მისული გურამ ლორთქიფანიძე, ერთი ნახატის ავტორს, მთელი 2 საათის განმავლობაში ელოდებოდა, - ეს რა კარგი ხელის კაცი ყოფილა, უნდა გავიცნოო, - უთქვამს და ლოდინი არ მოჰბეზრებია. დაგვიანებული მხატვარი ებოდიშებოდა თურმე ცნობილ მსახიობს, - არ ვიცოდი, თორემ ჩემს საყვარელ აგულის როგორ ვალოდინებდიო, - გასცინებია მსახიობს და მხატვრისთვის მარჯვენა დაულოცია. სურათიც გადაუღიათ იმ დღეს ცნობილ მსახიობსა და უცნობ მხატვარს. დღემდე მოწიწებით ინახავს ამ ფოტოს მხატვარი. მას შემდეგ ვინ არ შეაფასა შემოქმედის ნიჭი, მაგრამ მას გურამ ლორთქიფანიძის თვალებიდან და გულიდან წამოსული სითბო დღემდე ახსოვს, ეს ათბობს და ეს ახარებს...
წლებს თავისი მიაქვს, ბევრი ნახატი გააჩუქა, ბევრი გაყიდა, ზოგი საფრანგეთში, ზოგი საქართველოში, ერთი ნახატი სანკტ-პეტერბურგშია. ყველა გაყიდული ნახატი ედარდება, ეფიქრება, გაჩუქება კი უადვილდება, რა ქნას, ქართველია და ქართული ბუნებაც ესაა.
_ ერთი თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ძალიან მინდოდა პროფესიით მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ მამაჩემის სურვილს დავემორჩილეო, - ასე დაიწყო „თაიმერთან“ საუბარი დავით ივანიშვილმა, რომლის ნახატების გამოფენაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა:
_ სასოფლო დავამთავრე, მაგრამ ჩემს სფეროში არ მიმუშავია. მთელი ცხოვრება ვხატავ, ბავშვობაში არაპროფესიონალურ დონეზე ვაკეთებდი სახლის პროექტებს, შემდეგ დავხვეწე და ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული. რატომ არ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში? მამაჩემსაც სასოფლო ჰქონდა დამთავრებული და მისი სურვილი იყო სასოფლო დამემთავრებია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი მითხრეს, თვითმყოფადი ხარ და რად გინდა აკადემიაში ჩაბარებაო. ასე დავრჩი სპეციალური განათლების გარეშე. წელიწად-ნახევარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვმუშაობ, გამგებლის მოადგილე ვარ, აი, აქ გამომადგა ჩემი პროფესია, მაგრამ ძალიან მწყდება გული, დროის დიდ ნაწილს ხატვას რომ ვერ ვუთმობ. ძალიან მიყვარს ხატვა, ხელოვნება, ასე მგონია, როცა არ ვხატავ, დანაშაულს ჩავდივარ. სამი შვილი მყავს და მეორე შვილი, მარიამი, ხატავს, ძალიან მიხარია ეს.
_ მე ვიყავი თქვენს გამოფენაზე და აღფრთოვანებული ვარ.
_ ეს არ არის ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. ის, რაც თქვენ ახლა ნახეთ, არის ნახატების ნაწილი. დიდ მადლობას ვუხდი ვაჟა პაპასკირს ასეთ საინტერესო და მდიდრულ ინტერიერში ჩემი ნამუშევრების გამოფენისთვის.
_ ნახატებს ყიდით?
_ კი, 11 ნამუშევარი უცხოეთში გაიყიდა. 8 ნამუშევარი საფრანგეთშია, 2 აზერბაიჯანში, ერთი სანკტ-პეტერბურგში.
_ თუ გაქვთ ისეთი ნახატი, რომელსაც ვერ გაიმნეტებთ გასაყიდად?
_ ერთი ნახატი ვერ გავიმეტე გასაყიდად, 2011 წელს, ერთ-ერთ გამოფენაზე საფრანგეთში ძალიან მოეწონათ ჩემი ერთ-ერთი ნახატი, პანორამა - „ძველი თბილისი“ - ვერ გავიმეტე გასაყიდად... ნახატის სიგრძეა სამი მეტრი, სიმაღლე - 1,5 მეტრი. „უნივერსში“ გამოფენამდე „ძველი თბილისი“ ნახა ქალბატონმა ლალი ღოღელიანმა და მთხოვა, გამოფენა მასთანაც მომეწყო.
_ სად არის ახლა „ძველი თბილისი“?
_ გამოფენაზე მქონდა გატანილი, ახლა სახლშია.
_ ალბათ, არ შეაფასეს თქვენთვის ხელსაყრელ ფასად...
_ არა, საქმე ეს არაა. ესაა ჩემი, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი. არ მინდა, საქართველოს გარეთ იყოს, საქართველოში კი, ბატონო... იცით რა? კარგი იქნება, საქართველოშიც თუ დაინერგება საზღვარგარეთის პრაქტიკა და ჩვენთანაც მხატვრების ნამუშევრებს თუ შეაფასებენ ექსპერტები. ისინი რა ფასსაც დაადებენ ნახატს, ეს რომ გაირკვევა, მხატვარს ეცოდინება, რა ფასად გაყიდოს თავისი ნამუშევარი. ალბათ, ეს მხატვრის შემოქმედებაზე დადებით გავლენას მოახდენს.
_ ალბათ, ყველა გეკითხებათ, მეც გკითხავთ, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ხართ?
_ არა, ნათესავი არ ვარ. პირადადაც არ ვიცნობ, მაგრამ ბევრ მის ნათესავს ვიცნობ, ჩემი შემოქმედებიდან გამომდინარე. ეს არის სულ.
_ არ გიცდიათ თქვენი ნახატი ივანიშვილს ენახა?
_ სურვილი ნამდვილად მაქვს, ნახოს ჩემი შემოქმედება და თუ მოეწონება, შეიძინოს კიდეც.
_ ნახატი თუ გაგიჩუქებიათ?
_ ძალიან ბევრი.
_ აი, არც დაფიქრებულხართ, ისე მიპასუხეთ, გაყიდვა გაგიჭირდათ, გაჩუქება არა. ესეც ქართული ბუნება.
_ საქმე ისაა, რომ ადამიანს როცა ნახატს სჩუქნი, იცი, რომ მას უყვარს ხელოვნება, გემეტება ასეთი ადამიანისთვის, გიხარია. ბევრი ნახატის, რომელიც გავყიდე, ფოტოც კი არ დამრჩა, მაგრამ რა ვქნა, აბა?
მასალა და ფოტოები (ავტორი ნათია კორაშვილი) მოგვაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა (ტექსტის ავტორი მაკა სვიმონიშვილი)