გერმანულმა გამომცემლობა კორვინუს პრესმა (Corvinus Presse) გამოსცა ქართული ლირიკის კრებული “Aus der Ferne” (“შორიდან”), სადაც ექვსი ქართველი ავტორის ლექსებია შესული. ზვიად რატიანის, შალვა ბაკურაძის, შოთა იათაშვილის, ელა გოჩიაშვილის, მაია სარიშვილისა და ბელა ჩეკურიშვილის პოეზა ოთხ-ოთხი ლექსითაა წარმოდგენილი, მათ შორის თითო ლექსი - ქართულ ენაზეც. გამომცემლის სურვილია, მკითხველს აჩვენოს ის ეგზოტიკური ანბანი, რომელიც მხოლოდ ქართული ენის საკუთრებაა. წიგნი ე.წ. Art-Book-ს წარმოადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ ახლავს ილუსტრაციებად ახლავს ცნობილი გერმანელი მხატვრის ჰანს შაიბის ლითოგრაფიები, დაბეჭდილია ლინოტიპზე და აკინძულია ხელით. გამომცემელი ჰენდრიკ ლირში ამ წიგნით უკვე წარდგა ბერლინის Art-Book ბაზრობაზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კორვინუს პრესი ის გამომცემლობაა, რომელსაც არაერთი პრიზი აქვს მიღებული საუკეთესო Art-Book-ებისათვის.
„გამომდინარე იქიდან, რომ პოეზიას, მათ შორის გერმანიაში უცნობი პოეტების შემოქმედებას მკითხველი ნაკლებად ჰყავს, ჩვენი სურვილი იყო, , წიგნის ფორმატითაც დავაინტერესოთ გერმანელი მკითხველი და მათი ყურადღება მივიპყროთ“ , - ამბობს გამომცემელი ჰენდრიკ ლირში. კრებულს წინასიტყვაობის სახით დართული აქვს ქართული ლირიკის ისტორიის მიმოხილვა მე-9 საუკუნიდან დღემდე, რომელიც ფილოლოგიის დოქტორმა ზაალ ანდრონიკაშვილმა სპეციალურად ამ გამოცემისთვის მოამზადა. ლექსების ბწკარედული თარგმანზე იმუშავა თენგიზ ხაჭაპურიძემ, ხოლო პოეტური თარგმანის ავტორია გერმანელი პოეტი და მთარგმნელი ნორბერტ ჰუმელტი, რომელსაც ეკუთვის კრებულის სათაურის იდეაც - „შორიდან“, რომელიც, ამავე დროს, ელა გოჩიაშვილის ერთ-ერთი ლექსის სათაურს წარმოადგენს.
წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და უკვე ნახავთ მას ბერლინის წიგნის მაღაზიებში. ხოლო მისი ბერლინური პრეზენტაცია შედგება მომავალი წლის 8 იანვარს.