შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, წინასაარჩევნო ჯგუფის წევრის ეკა ზღულაძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, კერძოდ კი სამუშაო ფართის, მანქანის, მით უმეტეს ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება.
"ჩვენი ძირითადი ყურადღება კონცენტრირებულია საჯარო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არდაშვებაზე. ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით ადგილობრივმა ხელისუფლებებმა საქართველოს მასშტაბით მითითებები უკვე მიიღეს", - განაცხადა ზღულაძემ მთავრობის კანცელარიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გუბერნატორები, გამგებლები და სხვა პირები, რომელთა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა კანონით დაშვებულია, თუმცა არა სახელმწიფო რესურსების ხარჯზე, თანამდებობიდან გადადგნენ ან შვებულებაში გავიდნენ.
"ამ პერიოდში კი მათ მიერ ადმინისტრაციული რესურსის, იქნება ეს სამუშაო ფართი, მანქანა, მით უმეტეს, ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენება, მკაცრად გაკონტროლდება", - აღნიშნა ზღულაძემ.