"ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე საგადასახდო სამსახურებს მოუწოდებს, თავი დაანებონ მცირე და საშუალო ბიზნესის დატერორებას. ამის შესახებ "ალიანსის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დღეს ქავთარაძის ქუჩაზე, ბაზრობის შესასვლელთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კაციტაძის თქმით, "ხელთ ჩაუვარდა თბილისის საგადასახადო სამსახურის დადგენილება, რომელიც 1-იდან 30 მარტის ჩათვლით მცირე და საშუალო ბიზნესის შემოწმებას გულისხმობს".
"ეს იყო. ე. წ. გეგმური შემოწმება, რომელიც ჩატარდა მხოლოდ თბილისში და საგანგებოდ დაამთხვიეს წინასაარჩვენო პერიოდს. სასაქონლო ზედნადებისა და სალარო აპარატების შემოწმების მიზნით, 800-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო დაჯარიმდა. ამ საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა დაიხურა", - განაცხადა კაციტაძემ.
მისი განმარტებით, თბილისის მერობის კანდიდტებს შორის 9 მაისს გამართული დებატების დროს გიგი უგულავა მეხაჭაპურე ქალს დაპირდა, რომ მის ბიზნესს აღარ შეამოწმებენ.
"ფაქტია, რომ უგულავას დაპირება ერთია და, რაც სინამდვილეში ხდება - მეორე. ყველაზე მეტად საგადასახადო რეკეტის შედეგად დაზარალდნენ პურის საცხობები, სტამბები, მცირე და საშუალო სიდიდის მაღაზიები. მხოლოდ წერეთლის ქუჩაზე ერთ დღეს 50 მაღაზია დაიხურა", - განაცხადა კაციტაძემ.