"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. დავით უსუფაშვილმა, დავით გამყრელიძემ და სოზარ სუბარმა შეხვედრები ამჯერად რუსთავში გამართეს.
მათ ამომრჩეველს "ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრები წარუდგინეს. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პროგრამაც გააცნეს და თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდეს.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა, მათ შორის, დაპირება დასაქმების თაობაზე; პირიქით, რუსთავში საწარმოები დღეისთვის გაჩერებულია; მოქმედ საწარმოებში კი, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ნაცვლად, უცხოეთიდან ჩამოყვანილი პირები მუშაობენ.
დავით გამყრელიძის თქმით, რუსთავი ყოველთვის მშრომელი, მაგრამ დღეისთვის ყველაზე გაჭირვებული ქალაქია, ამიტომ დასაქმება ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
დღესვე "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები ამომრჩევლებს გარდაბნის რაიონში შეხვდებიან.