თბილისის მერობის "მმართველი გუნდის" კანდიდატი გიგი უგულავა მიესალმება, რომ დასაქმება მისი კონკურენტი კანდიდატებისთვისაც პრიორიტეტული საკითხია.
"მიხარია, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჩემი ოპონენტების საარჩევნო პროგრამებშიც პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. ეს კარგია და იმას ნიშნავს, რომ არის საკითხები, რომელთა მიმართებაშიც თბილისის მერობის ყველა კანდიდატი არის ერთიანი. უმუშევრობა არის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება", - განაცხადა უგულავამ დღეს ბაგებში მაცხოვრებლებთან შეხვედრისას.
მერობის კანდიდატმა მათ თბილისის განვითარების საკუთარ გეგმაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა ინფრასტრუქტურის განვითარება და და უსაფრთხო გარემოს შექმნაა.
"თბილისი თავისი განათებით, გზებით, სისუფთავით, ტრანსპორტითა და სათამაშო მოედნებით უკეთესი ქალაქია, ვიდრე 5 წლის წინ იყო, თუმცა "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", - განმარტა უგულავამ.