თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალური ტრანსპორტის ღირებულების გაიაფებას აპირებს.
როგორც ლაღიძემ დღეს, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 10 თეთრი უნდა გახდეს.
"მე ხალხს ვპირდები, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იქნება 10 თეთრი", - განაცხადა ლაღიძემ.
ამასთან, მერობის კანდიდატმა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" შეკრებილ ამომრჩევლებს "მომავლის პარტიის" საარჩევნო პროგრამაც გააცნო.
"60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სამედიცინო დაზღვევა უფასო იქნება. გარდა ამისა, დედაქალაქში გაიხსნება მუნიციპალური საავადმყოფო და აფთიაქები, რომლებიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, დევნილებსა და ომის ვეტერანებს უფასოდ მოემსახურებიან", - განმარტა მან.