თბილისის მერობის "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ძველი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პირობასაც იძლევა.
ალასანიასგან შესაბამისი დაპირება დღეს, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობამ მიიღო.
მერობის კანდიდატმა ჩუღურეთელებს კონკრეტული გეგმაც წარუდგინა და განმარტა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ის დანგრევის პირას მისული სახლების შეკეთებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარს გამოყოფს.
"ქალაქის მერიის პირდაპირი მოვალეობაა იმ საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, რომლებიც დანგრევის პირასაა. ამისთვის სახსრები არსებობს, უბრალოდ, მისი სათანადოდ გადანაწილება უნდა მოხდეს", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი სახლის შეკეთება შეუძლებელია, ახალი უნდა აშენდეს.
"შეიძლება ამ პროექტის ფარგლებში მოძიებულ იქნას კერძო ინვესტიციებიც", - განმარტა ალასანიამ.