კომუნიკაციის ახალი სისტემის შექმნას, რომელიც ბიზნესმენებს არსებული პრობლემების ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მიტანას გაუადვილებს, ბიზნესმენები პოზიტიურად აფასებენ.
კომპანია "ვი-არის" გენერალური დირექტორი შოთა ბუგეჩაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება მუდმივად ინფორმირებული იქნება ბიზნესში არსებული მდგომარეობისა და ცალკეული პრობლემების შესახებ ეს ქვეყანას მნიშვნელოვნად წაადგება.
"ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ხელისუფლება მუდმივად საქმის კურსში იქნება, ბიზნესში არსებული ვითარებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომელიც შესაძლია ამა თუ იმ კომპანიის წინაშე წარმოიშვას. ამდენად ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის ახალი სისტემის შექმნა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შოთა ბუგეჩაშვილმა.
მისვე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა მექანიზმებს შესთავაზებს მთავრობა ბიზნესმენებს ცალკეული პრობლემების მოგვარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესის დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩევლის გიორგი პერტაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში კომუნიკაციის ახალი სისტემა შეიქმნება, რომელიც ბიზნესმენებს არსებული პრობლემების ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მიტანას გაუადვილებს.
კომუნიკაციის ახლა სისტემა მორგებული იქნება როგორც მსხვილ ბიზნესზე ასევე საშუალო და წვრილ ბიზნესს წრეებზეც.