საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ევროკომისარს ადვოკატის ცემის ფაქტზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.
სასტუმრო "რედისონში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ევროკომისარ ფედერიკა მოგერინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაუსჯელობის სინდრომის პრევენციას, რადგან თუ ასეთი ფაქტი დაუსჯელი დარჩება, დიდი რისკია, ამან ტენდენციის სახე მიიღოს.
"ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა დაინტერესებამ იმაზე, თუ რას ფიქრობენ არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. მან ამით ცალსახად გამოხატა ძალიან დიდი პატივისცემა ქართული საზოგადოების. ის დაინტერესდა ასევე მედიაგარემოთი, მათ შორის "რუსთავი 2"-ით. ის ინფორმირებული იყო მთელ რიგ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. დაინტერესდა ჩვენი შეფასებებით და ის ძალიან ღია იყო დღევანდელ შეხვედრაზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.