საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილთან თანამშრომლობდა პროექტებზე, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სარჩელზე საჯაროდ შეფასებებს ვერ გააკეთებს, თუმცა ფაქტობრივ მხარეებთან დაკავშირებით, მან განმარტებები გააკეთა.
,,ჩემი მეუღლე დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მუშაობდა განათლების სამინისტროში ბატონ ნიკა გვარამიასთან ერთად. მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამინისტრო. რამდენად არის ეს საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლის ობიექტურობაში იქნას შეტანილი ეჭვი, ამ საკითხს ცხადია, სასამართლო შეისწავლის. მოსამართლე ერთპიროვნულად არ იღებს ჩვენთან გადაწყვეტილებას. გადაწყვეტლებებს სასამართლო იღებს კოლეგიალურად და ამიტომ ეს საკითხი გახდება კოლეგიის შეფასების საგანი. რადგან კითხვები არსებობს და რადგან ეს კითხვები გაუჩნდა დავის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს - პარლამენტს, ცხადია, სასამართლო ვალდებულია, შეისწავლოს ეს კითხვები და გასცეს პასუხი. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, მას შემდეგ რაც შუამდგომლობა შემოვა სასამართლოში", - განაცხადა ვარძელაშვილმა.
მისივე თქმით, არასდროს უმუშავია არც ნიკა გვარამიასთან არც ზურაბ ადეიშვილთან ერთად.
"ასევე ლევან ბერძენიშვილთან მუშაობდა არა ჩემი მეუღლე, არამედ მე. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არასწორად იყო გაჟღერებული, რომ მე ვიყავი მისი მოადგილე. ჩვენ საინტერესო პერიოდში ვითანამშრომლეთ. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა იმ პროექტებზე, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებდა იმ პერიოდში, როდესაც ბატონი ლევანი იყო ფონდის დირექტორი. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, მე ვმუშაობდი სხვადასხვა დროს იუსტიციის სამინიტროში 2004-06 წლებში. ამ პერიოდში არც ნიკა გვარამია იყო სამინისტროს ხელმძღვანელი და არც ზურაბ ადეიშვილი. ამ პერიოდში არც ერთი და არც მეორე არ ხელმძღვანელობდა სამინისტროს. ეს არის ფაქტობრივი მხარე, რომელიც მე მოგაწოდეთ", - განმარტავს ვარძელაშვილი.