„წერეთელმა დაგვიბარა“ და „ურთმელიძემ გაგვიჩინა“. ამიერიდან ალბათ ასე იტყვიან. კაცმა რომ თქვას, პირველ რიგში, მისმა „განჩინებამ“ სწორედ ხელისუფლებას გაუჩინა „თავის ტკივილი“ და ნერვების სათხრელი: რას მოვესწარით: საქართველოს იუსტიციის მინისტრი პირდაპირ, ღია ტექსტით ამუნათებს, ხოლო დეპუტატი მეჭიაური სინდისზე აგდებს და სტუმარ-მასპინძლობის წესს ახსენებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რაც შეუძლებელია უარყოფითად არ აისახოს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე.
ამერიკელებს ძალიან არ უყვართ, როდესაც „სიტყვას უბრუნებენ“ და ასეთი ქვეყნები უმალ შეაქვთ „რისკის ზონაში“.
მით უმეტეს, როდესც ელჩი იან კელი ნამდვილად მართალია: მოსამართლე ურთმელიძის განჩინება არის მსოფლიო იურისპრუდენციის ქრესტომატიაში შესატანი. შინაარსსაც კი რომ თავი დავანებოთ (სარედაქციო პოლიტიკა და სხვა), ურთმელიძემ თავდაყირა დააყენა, მთლიანობაში, ის ფილოსოფია, რომელსაც ეფუძნებოდა საქართველოს სასამართლო სისტემა სააკაშვილის რეფორმებიდან დაწყებული. ოღონდ, მიშამაც კი, მიუხედავად მისი პროამერიკული განწყობისა, ვერ შეძლო გარდაეტეხა უმთავრესი ტრენდი, რომელიც ლეგენდარული მინდია უგრეხელიძის დროიდან დამკვიდრდა.
ამ ტრენდის გამო, მიშამ და მინდიამ ერთი-ერთი ავიაკომპანიის ბიზნეს-კლასში სულ დედა აგინეს და კინაღამ ცხვირ-პირი დაუმტვრიეს ერთმანეთს. გადაჭარბება ან მოგონილი ამბავი არ გეგონოთ.
საქმე ისაა, რომ უგრეხელიძე უფრო იურისპრუდენციისა და სასამართლო სისტემის გერმანულ (ევროპულ) მოდელს ემხრობოდა, რომელიც ლეგიტიმურობის პრინციპს გულისხმობს, ხოლო მიშა, რასაკვირველია, ანგლოსაქსური, „პრეცედენტული სამართლის“ მომხრე იყო, როდესაც მოსამართლე ქმნის იურიდიულ პრეცედენტებს და მოქმედებს ე.წ. „საღი აზრის“ და არა (ყოველთვის) მხოლოდ კანონის თუ იურიდიული არგუმენტაციის შესაბამისად.
გერმანულ-ევროპული იურიდიული ტრადიციით რომ ეხელმძღვანელა, მოსამართლე ურთმელიძეს აუცილებლად უნდა დაეტოვებინა ტელევიზია ყარამანიშვილებისათვის, რადგან საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ყარამანიშვილებმა გამოსძალეს ქონება კიბარ ხალვაშს.
მაგრამ ურთმელიძემ იხელმძღანელა ანგლოსაქსური სამართლით და შექმნა იურიდიული პრეცედენტი, როდესაც ჩათვალა, რომ „სინამდვილეში ნამდვილად ასე იქნებოდა“ - მიუხედავად იურიდიული მტკიცებულებების არარსებობსა, ანუ დააფუძნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც ამგვარ საქმეებში მოსამართლეს შეუძლია არ სცნოს „კეთილსინდისიერი მყიდველი“ (მიუხედავად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნისა), თუკი ჩათვლის, რომ ქონება დაზარალებულს „აახიეს“ - თუნდაც ამჟამინდელი მფლობელის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა „სუფთა საბუთებიც“ არ უნდა ჰქონდეთ საკუთრივ ყარამანიშვილებს, არათუ ძნელი დასაჯერებელია, არამედ საერთოდ არაა დასაჯერებელი, თითქოს ტელეკომპანია „რუსთავი-2“ (როგორც ინტერვიუში გვიმტკიცებდნენ) „სრულიად შემთხვევით“ აღმოჩნდა მაინცდამაინც მიშას თანაკურსელის ხელში მაშინ, როდესაც ეს ტელევიზია, ყველა თვალსაზრისით, იმდენად მიმზიდველი აქტივია, უამრავი მსურველი იარსებებდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მაგრამ ის „სხვები“ მიშას თანაკლასელები არ იყვნენ. ამიტომ ახლა ზღაპრებს ნუ გვიყვებიან! საკმარისად მიიჩნიონ ის ობიექტური დასკვნა, რომ თუ წმინდად კანონიერი საფუძვლით (და არა ე.წ. „საღი აზრით“ და „პრეცედენტულობით“ მივუდგებით, რასაც „ბუნებითი სამართალი“ ეწოდება ქართულად) მაშინ მოსამართლე ურთმელიძეს არანაირი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა, ტელევიზია ყარამანიშვილებისთვის წაერთმია და ქიბარისთვის მიეკუთნებონა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს „პრეცედენტული სამართალი“, ქართული სინამდვილის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს. ანგლოსაქსური და ქართული საზოგადოებრივი მენტალობა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან და იმდენად განსხვავებული სოციუმები ვართ ჩვენი ზნე-ჩვეულებებით და კორუფციისადმი დამოკიდებულებით, რომ თუ მოსამართლეებს, ამგვარი პრეცედენტებით, სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება შეეძლებათ, ამ ქვეყანაში ისეთი ამბავი დატრიალდება, დედა-შვილს არ აიყვანს ხელში!
სწორედ ამიტომ, მიშას „რეფორმატორული აღტკინების“ მიუხედავად, ქართული რეალიების გათვალისწინებით, სწორედ ევროპულ-გერმანული, ესე იგი ლეგიტიმისტური მართლმსაჯულება უფრო მიზანშეწონილი და რელევანტური იქნებოდა. ურთმელიძის განჩინების შედეგებს კი უახლოეს მომავალში ვიხილავთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ხელისუფლებას, უამრავი პრობლემის გარდა, რომელიც მას გაუჩნდა ამ „ქეისის“ შედეგად, არის მხოლოდ ერთი მცირე, ისიც ილოზორული მოგება: დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და ქიბარ ხალვაშის ტელევიზია ნამდვილად არ იქნება „პრომიშისტული“. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი იქცევა „ტკბილ ნუგუბარად“ ხელისუფლებისა და „ქართული ოცნებისათვის“.
ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ (ეროსი კიწრამიშვილთან ერთად) ჩამოაყალიბეს „რუსთავი-2“, 1997 წლიდან, იმ სახით, რომ რეიტინგის ასამაღლებლად (მათივე სლოგანით) „ქმნიდნენ ახალ ამბებს“: „ახალი ამბები იქმნება აქ!». მაშინ ალბათ თავად ვერ ხვდებოდნენ, რამდენად კომიკურად ჟღერდა ეს დევიზი შინაარსობრივად: „ჩვენ ვქმნით ახალ ამბებს“.
ხოლო როცა არ იყო ახალი ამბები, როცა არ იყო სკანდალი, მართლა თვითონ ქმნიდნენ, თავად იგონებდნენ, მაქსიმალურად ზრდიდნენ ნეგატივის ოდენობას, რადგან ნეგატივი უფრო „იყიდება“ და ტელევიზიაც უფრო ყურებადი, უფრო რეიტინგული ხდება.
სწორედ ამიტომ, თუ ხელისუფლებას ჰგონია, დათო დვალის ტელევიზია მისდამი კრიტიკული არ იქნება - ძალიან ცდება: რეიტინგის შესანარჩუნებლად, მთავრობას არ მოაკლდება კრიტიკულ-სკანდალური სიუჟეტები, ჟურნალისტური გამოძიებები და თავსლაფდასხმა. „დარდუბალას“ სრულყოფილად აღდგენაც კი.
სხვაობა მხოლოდ ის იქნება, რომ მიშას ინტერვიუებს ასე ხშირად აღარ აჩვენებენ, თორემ „ძველ-ახალი“ მფლობელების ხელში, „რუსთავი-2“ ისეთივე სკანდალური იქნება (მაღალი რეიტინგის, ესე იგი სარეკლამო შემოსავლების შესანარჩუნებლად) და ისევე გაუმწარებს ხელისუფლებას სიცოცხლეს, როგორც შევარდნაძეს უმწარებდა თავის დროზე.
არადა, მიშასა და მისი პარტიისათვის ესეც საკმარისია: მთავარი ის კი არაა, მაინცდამაინც მათი პარტიული პრომოუშენი აწარმოოს „რუსთავი ორმა“, არამედ ხელისუფლება დააჩმოროს. ამით ნებისმიერ შემთხვევაში ისევ მიშა და მისი პარტია ისარგებლებენ.
ქიბარ ხალვაში (ივანიშვილთან მისი ახლობლობის მიუხედავად) ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის, ვინაიდან 50% წილი დვალსა და აქიმიძეს დაუთმო, ესე იგი გენერალურ დირექტორსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსს ერთპიროვნულად ვერ მოხსნის.
რაც ყველაზე უარესია, „რუსთავი-2“ შეიძლება დაბრუნდეს 15 წლით უკან, როდესაც აქცენტი, ძირითადად, კეთდებოდა გაუთავებელ, ხშირად თითიდან გამოწოვილ სკანდალზე. მაშასადამე, თანდათან განადგურდება ის ჯანსაღი ტენდენცია, როდესაც ეს ტელევიზია, მისი ძალიან ნიჭიერი შემოქმედებითი კოლექტივით და კრეატიულობით, ბოლო წლებში, აქცენტს აკეთებდა არა მხოლოდ და არა იმდენად სკანდალზე (სულ ბოლო პერიოდის გარდა, როცა შეავიწროვეს), არამედ ხარისხიან კონტენტზე: ევროპული დონის პერფორმანსებზე და შოუებზე. წამყვენებიც ბევრად დაიხვეწენ როგორც მეტყველების, ასევე სტილის თვალსაზრისით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხელისუფლება ფაქტის წინაშე დაყენა და მას უბრალოდ არ შეუძლია ყველაფერი დატოვოს ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ამიტომ, იძულებულია, რაღაც იღონოს. ოღონდ ეს ნამდვილად არ ნიშნავს 2007 წლის 7 ნოემბრის განმეორებას, - ტელევიზიაში შევარდნას, დარბევას, ძალით აღებას, ბარიკადების გადალახვას და ა.შ.
იუსტიციის მინისტრმა უკვე მიანიშნა, რა ტაქტიკას აირჩევს მთავრობა, რათა „დამარცხებულად“ და „უმაქნისად“ არ წარმოჩინდეს ხალხის თვალში, რომელიც ახლა ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და ელის რას მოიმოქმედებს ხელისუფლება.
ხელისუფლება კი, აპირებს შემდეგს: არანაირი „სპეცდანი“ არსად არ შევარდება - ნიკა გვარამიას გაუგზავნიან აღსრულების ფურცელს; თუ არ დაემორჩილება, მის წინააღმდეგ აღრძრავენ სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ არ დაპატიმრებენ - დაუყადაღებენ პირად ქონებას, ჩამოართმევენ ქვეყნიდან გასვლის უფლებას, აუკრძალავენ ნებისმიერ სამეწარმეო საქმიანობას არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლოდ, დააკისრებენ ჯარიმას, რომელიც პირადად მისი გადასახდელი იქნება და ა.შ და ა.შ - ზურაბ ნოღაიდელმა და მიშა სააკაშვილმა, თავის დროზე, გვარიანი მექანიზმები მოიფიქრეს ურჩთა ჭკუის-სასწავლებლად და ეს ინსტრუმენტალი ახლა მთლიანად ამჟამინდელი ხელისუფლების განკარგულებაშია.
არადა, რა მაღალ ხელფასსაც არ უნდა უხდიდნენ გვარამიას ყარამანიშვილები, ასე „თავის ატკივება“ ნამდვილად არავის უყვარს.
თუ ისევ ყარამანიშვილებს დავუბრუნდებით, მათი გამოჩენა ტელეეკრანზე „რუსთავი-2“-ის ძალიან სერიოზული შეცდომა გამოდგა. სჯობდა, იდუმალ ინკოგნიტოებად დარჩენილიყვნენ, თორემ როგორც კი გამოჩნდნენ, მაშინვე ნათელი გახდა, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, რომლებსაც აინტერესებთ არა სიტყვის თავისუფლების ღირებულება, არამედ ქონების შენარჩუნება და ბიზნესი.
კაცმა რომ თქვას, აბა სხვა რა უნდა აინტერესებდეს ქართველ ბიზნესმენს - როკფელერი ხომ არ აის ან ჯ.პ. მორგანი - საჯარო ბიბლიოთეკები დაარსოს?
მიშა და მისი პარტია მათთვის მხოლოდ „კრიშა“ იყო და სრულიად აშკარაა, რომ ეს რუსულენოვანი ბიზნესმენები, რომლებიც ქართულად მეტისმეტად მკაფიო აქცენტით საუბრობენ, ახლა ნამდვილად ცდილობენ „თავსატკივარი ტელევიზია“ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მოიშორონ. სულ უდანაკარგოდ რომ არ გამოვა, - ამას შერიგებულნი არიან.
და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: როდესაც ყარამანიშვილებმა მიშას სთხოვეს, „ეგება ამ საქმიდან როგორმე გაგვიყვანოო“, პოტენციური მყიდველი დავით კეზერაშვილის ცოლისძმა აღმოჩნდა!
ეს ისეთივე „შემთხვევითობაა“, როგორი „დამთხვევაც“ იყო ის, რომ „რუსთავი-2“ მაინცდამაინც მიშას თანაკლასელმა შეიძინა და არა ვინმე სხვამ. და, ასევე, „სრულიად შემთხვევით“, ახალი მყიდველი კინაღამ იმ „ბიზნესმენის“ ცოლის ძმა აღმოჩნდა, რომელმაც, თავდაცვის მინისტრობის დროს, „ყარამანიშვილების ტელევიზიაში“ 30 მილიონი ბიუჯეტის ფული „ჩაასხა“.
რა „დამთხვევები“ და „შემთხვევითობები“ არ ხდება ამქვეყნად უფლის წყალობით!
„ჯი-ეიჩ-ენი“, გელა კალანდაძე