ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს უფლება შეშფოთება გამოთქვას პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე ათონელზე მდებარე რეზიდენციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული, დაკეტილი შენობის შენახვაზე ყოველთვიურად ფული იხარჯება.
მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა დიმიტრი ქუმსიშვილს ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული პრეტენზიის შეფასება სთხოვეს. ივანიშვილმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება, ამ პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში კი, როგორც "ხმის ამოღებას" აპირებს.
"ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია მე დავამატო და დავამატო გულისტკივილით არის ის, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული", - აღნიშნა მინისტრმა.