ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ადვოკატის ცემის ფაქტზე, დამნაშავე პირების გამოვლენისთვის 48 საათს აძლევს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ევროპელი კოლეგა მზად არის საქართველოს საელჩოებთან დაიწყოს პიკეტირება.
"ვიღაც ხორცმეტებმა გადაწყვიტეს ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი ეცემათ და მიეყენებინათ შეურაცხყოფა მისთვის. ხელისუფლებას, ამ ტვინთხელებს მინდა მივცე 48 საათი. ყველა ჩვენი ევროპელი კოლეგა მზად არის საქართველოს საელჩოებთან დაიწყოს პიკეტირება. თუ არ მოხდა დამნაშავე პირების დასჯა არც ერთი ადვოკატი არ გავა პროცესზე. საქართველოს არც შს მინისტრი არც მთავარი პროკურორი არ ეყოლებათ. თუ ადვოკატთა კორპუსთან დაპირისპირება უნდათ ამ ფეოდალურ ხელისუფლებას მე, ზაზა ხატიაშვილი ვაჩვენებ რა არის დაპირისპირება,"- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
შეგახსენებთ, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ადვოკატმა თავისი დაცვისქვეშ მყოფ არასრულწლოვანს, დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.