პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კითხვები აქვს არა მხოლოდ რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ, სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.
,,მაგრამ ჯობია მე ვიზრუნო იმაზე, რომ ამ კონკრეტულ მოსამართლესაც და სხვებსაც, რომლებიც ხვალ და ზეგ განიხილავენ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეს, ჰქონდეთ საქმიანობის, მუშაობის ნორმალური პირობები და მიუკერძოებელი, ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი გარემო, ვიდრე თავად გავაკეთო ასე ვთქვათ, განცხადებები იმის თაობაზე, კონკრეტულად რას ვეთანხმები და რას არ ვეთანხმები. ზოგადად, მინდა ვისურვო, რომ მოსამართლეები არამხოლოდ იურიდიულ კაზუისტიკაში იქნებიან პირნათელნი და გადაწყვეტილება იქნება გამართული, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, გარემო, სხვა სიტუაცია იქნება უფრო გასაგები და გამჭვირვალე. როდესაც მთელი მსოფლიო, ვინც კი საქართველოში თუ საქართველოზე მუშაობს, ამ თემაზეა მობილიზებული და აკვირდება ამ პროცესს, მე მგონია, რომ არათუ თვითონ სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, არამედ თითოეული მიღებული გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ეცნობოს საზოგადოებას და რაღაცა არაპირდაპირი გზებით თუ მოგვიანებით არ უნდა ვიგებდეთ ამას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.