ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია რუსთავი2-ის მფლობელების განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ყარამანიშვილების, მიერ სამაუწყებლო კომპანიისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე უარის თქმა არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს.
"სამწუხაროდ ყარამანიშვილების მხრიდან შერჩეულია კომფრონტაციული ტონი, ჩემი აზრით ეს არ ტოვებს სხვა საშუალებას, რომ მმართველებმა განახორციელონ დაკისრებული ფუნქციები მათ პირიდაპირ ევალებათ, რომ დაიწყონ მოქმედება და ამან შეიძლება მიაყენოს კომპანიას გარკვეული ზიანი თუ ისინი არ იმოქმედებენ. ვთვლი, რომ ყარამანიშვილების ამ ტიპის განცხადება არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს,"-აცხადებს პაატა სალია.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართოს მიერ რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად დანიშნულმა დავით დვალიმა და რევაზ საყევარიშვილმა ყარამანაშვილებს შესთავაზეს დროებით ხელმძღვანელად დანიშნულიყო მათ მიერ დასახელებული კანდიდატი.
შეთავაზებას მათ განცხადებით უპასუხეს, სადაც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის წილის 91 პროცენტის მფლობელები უარს აცხადებენ გაიზიარონ თბილისის საქალაქო სასამართოს მიერ „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დანიშნული დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის შეთავაზება.
"გუშინ, 6 ნოემბერს, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო რეაქციის ფონზე, კონსტიტუციური სივრციდან მთლიანად გასულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია და მესამე პირების სახელით შემოგვთავაზა დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, რომელსაც ე.წ. "დროებითი მმართველები" მიანიჭებდნენ "სრულ უფლებამოსილებას" ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზებაში ისევე, როგორც რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში, ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს, ვითომდა, დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში.
ბუნებრივია, არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით. მათი დანიშვნა იმთავითვე ანტიკონსტიტუციურია. არც დვალთან (რომლის გარიგება ხელისუფლებასთან ამ შეტევის დაწყებისთანავე აშკარა იყო) და არც საყევარიშვილთან (რომელიც ხელისუფლებამ 3 წლის წინ მიავლინა ტელეკომპანია "იმედში" სრული საკადრო წმენდის ჩასატარებლად) არაფერი გვაქვს სალაპარაკო.
სურვილის შემთხვევაში, საქართველო ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, რუსთავი 2-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით", - ნათქვამია განცხადებაში.