საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს და აცხადებს, რომ მან ფოკუსირება არ უნდა მოახდინოს პატარა დეტალებზე.
ბერლინერი იმედს იტოვებს, რომ პროცესები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მშვიდობიანად და დიალოგის რეჟიმში გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანია, მთლიანობაში განვიხილოთ ის, რაც თქვა დღეს დილით ელჩმა. ვფიქრობ, მან საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა მისი წუხილის მიზეზი. ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ პატარა დეტალებზე“. - განაცხადა ბერლინერმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში 18:00 საათზე შევიდა და დღეს დილით, 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა. მინისტრი განმარტებას ითხოვს, თუ რა იგულისხმება აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ პროცესები ღამით განვითარდა
"მართლაც მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში. მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილება გამოიყურება ცუდად და რაც მთავარია ის არ არის ანტიკონსტიტუციური. კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს რას ნიშნავს "ღამით მოხდა მოვლენები". სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18:00 საათზე და დღეს დილით 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა, მინდა ხელი დამიდონ დოკუმენტზე რა არის ღამე მომხდარი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.