პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თუკი ვინმეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს, ეს ისევ სასამართლოში უნდა გააპროტესტოს.
როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოს პარლამენტის წევრი მოსამართლის გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას ვერ შეაფასებს.
მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება იურისტებმა უნდა შეისწავლონ და თუკი რაიმე პრობლემატურია, ეს ისევ სასამართლოს გზით უნდა გაპროტესტდეს და შეიცვალოს თუ გამოსაცვლელია და აღსრულდეს, თუ აღსასრულებელია.
„ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამართლებრივ სივრცეში უნდა დავრჩეთ. ყველაზე უფრო მიუღებელია, აქედან გამოვიდეთ და სხვანაირი ბრძოლა დავიწყოთ. სასამართლო გადაწყვეტილება თუ ვინმეს არ მოსწონს, ეს ისევ სასამართლოში უნდა გაპროტესტდეს. ორივე გადაწყვეტილების შეცვლა შეიძლება როგორც მოსამართლის, ასევე რეესტრის გადაწყვეტილების. საუბარი, რომ სივრცეში ვრჩებით და იქნება სამართლებრივი ბრძოლა, ეს მისაღებია. ყველა სხვა საუბარი, რომ იქნება რევოლუცია და ბარიკადებს მოაწყობენ, ეს ყველაფერი არასწორია. თქვენი ყოფილი დირექტორი გამოვიდა და თქვა, არ აღვასრულებ კანონსო. ის არ არის სამართლებრივ სივრცეში და ის კანონის შესრულებას არ აპირებს. ისინი არ არიან სამართლებრივ სივრცეში და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ დამთავრდა ხელისუფლება და ახლა იწყება რევოლუცია. სამართლებრივ სივცეში არ ხართ, როცა ამას ამბობთ. ჩვენ შევეცდებით, რომ ქვეყნა იყოს სამართლებრივ სივრცეში“, - მიმართა „რუსთავი 2“-ის ჟარნალისტებს ბერძენიშვილმა.