ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და რევაზ საყევარიშვილი საგანგებო განცხადებას 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ გაკეთებენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების თანახმად, კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ინტერესების დაცვისათვის, ასევე, დავის მიმდინარეობისას კომპანია რუსთავი 2-ის ფინანსებისა და ქონების შენარჩუნებისა და კომპანია „რუსთავი 2“-ის პროფილით ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მისი ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით მოსამართლის გადაწყვეტილებით დანიშნულ იქნენ დროებითი მმართველები. ამავე განჩინებით, ყველა სხვა პირს დროებით შეუჩერდა აღნიშნული უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.
„რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი არიან.
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. „რუსთავი 2“-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას“ მიეკუთვნა.