პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადება ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, გიორგი პაპუაშვილმა საზოგადოებას და „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მის საადვოკატო პრაქტიკაში ონისე მებონიას საქმე ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი რიგი გარემოებები არასწორად აქვს მითითებული. კერძოდ, ონისე მებონიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2006 წლის 11 ივლისს შევიდა. ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2006 წლის 15 დეკემბერს გამოვიდა. მაინტერესებს, რომელი არითმეტიკული ფორმულით დათვალა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ 2006 წლის 11 ივლისისიდან 15 დეკემბრამდე არის 15 დღე?! როგორც ჩანს, ისინი ასე ითვლიან, ასეთი არითმეტიკა აქვთ – ეს ჩვენი პრობლემა არ არის“, - აღნიშნავს კობახიძე.
კანონმდებელის თქმით, „რუსთავი2“-ის სარჩელზე სადაო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - უპრეცედენტოა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოყალიბებული პრაქტიკა და ტრადიცია დაარღვია და აღნიშნული საქმე მოპასუხე მხარის – პარლამენტის არგუმენტების მოსმენის, ზეპირის მოსმენის გარეშე განიხილა და სადავო ნორმა შეაჩერა. ეჭვი ჩნდება, რომ გადაწყვეტილება გარკვეული პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი“, - განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი2“-ის სარჩელის წარმოებაში მიღებასთან და დაკავშირებით მანანა კობახიძის კრიტიკას დღეს განცხადებით უპასუხა.