პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი გონივრულ ჩარჩოში უნდა შეიცვალოს.
როგორც ჟურნალისტებს ბერძენშვილმა განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ამ საკითხს ეს პარლამენტი მოაგვარებს და კანონპროექტის მიღებას დაამთავრებს.
„ამ კანონის მიღება მაშინ მოხდა, როცა ჩვენი რეაქციები მძაფრი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, კანონი ისეთი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები დააზიანოს. შეთხვევა იყო, როცა დააზიანა კიდეც. ამ კანონის გამო ევროკავშირის არა, მაგრამ ევროსაბჭოს სანქცია გვადევს. საქართველოში ევრონესტის ღონისძიება რომ ტარდება, ეს კარგია, მაგრამ ევროსაბჭოს ეგიდით ასეთი ღონისძიება მანამდე ვერ ჩატარდება, სანამ სანქცია გვადევს. კანონი გონივრულად უნდა შეიცვალოს, მაგრამ ისე არა რომ, განსაკუთრებულად ვადები შეიცვალოს. იმ ადამიანებს ვისაც ბოროტი განზრახვა არ აქვთ, არ უნდა შეეშალოთ ხელი, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხვდნენ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
„ჯი-ეჩ-ენ“-ი დაინტერესდა, უმრავლესობა როგორ შეძლებს აღნიშნული კანონპროექტის მიღებას მაშინ, როცა ცვლილებებს „ნაციონალური მოძრაობა“ პროცედურულ ომს უცხადებს.
დეპუტატი ამბობს, რომ პროცედურული ომები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ ხანდახან ის გაიმართოს.
„პროცედურული ომი ძალიან დამღლელია და საშინელია. ყველა პროცედურულ ომს გადაიტანთ, საქმე იმაშია, რომ არც ნაციონალებს აქვთ იმხელა რესურსი, რომ გრძელი პროცედურული ომები ააწარმოონ, თვითონაც ყველა გადაღლილია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომელსაც უმცირესობა პროცედურულ ომს უცხადებს. ცვლილებების განხილვა გასულ წელს დაიწყო, მაგრამ ნაციონალების წინააღმდეგობის გამო, პროექტი თაროზეა შემოდებული.