საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს შეფასება განხორციელებული სამუშაოს ადექვატურად მოხდება.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომაზე გიგიაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მაქსიმალური ძალისხმევა აჩვენა და ყველა მოთხოვნა შეასრულა.
გიგიაძის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რეფორმები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით დადგენილ ჩარჩოებს გასცდა კიდეც.
გიგიაძე ფიქრობს, რომ მეოთხე ანგარიში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, საბოლოო იქნება, რომლის გათვალისწინებით, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.
„გამოწვევები გაცნობიერებული გვაქვს, რომლის წინაშეც ამჟამად ევროკავშირი მიგრაციული ნაკადების გამო დგას, თუმცა იმედი გვაქვს, ეს მოვლენები საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაზე უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს”, - დასძინა გიგიაძემ.