ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება საპნის ოპერის ტიპის სერიალს დაემსგავსა.
როგორც ჟურნალისტებს ვაშაძემ განუცხადა, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ხელისუფლება უკანონო მოსმენებზე უარს არ ამბობს და ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
მისი თქმით, ბოლო ჩანაწერებში განსაკუთრებული არაფერი არ არის, იქ საუბარია დაცვის სტრატეგიაზე, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს.
„ეს ჩვეულებრივი საუბარია და მეტი არაფერი. ეს ყველაფერი საპნის ოპერის სერიალს დაემსგავსა, სადაც რაღაც უცებ ჩნდება. ალბათ, ხვალ ზეგ, ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის საუბარიც იქნება - ზოგი დამონტაჟებული, ზოგიც დაუმონტაჟებელი. ეს ყველაფერი სამარცხვინო და სასაცილოა“, - აცხადებს ვაშაძე.
კანონმდებელის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ განუცხადებია, რომ „რუსთავი 2“ წითელი ხაზი იყო და რჩება.
„ჩვენ დემოკრატიული არჩევნები გვინდა და ამ პროცესში მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. შემდეგ არჩევნებში გავიმარჯვებთ, რადგან რეიტინგული ძალა ვართ და მოქალაქეებს სიახლეს შევთავაზებთ. ამ პროცესში თავისუფალი მედია გვჭირდება. ჩვენი ინტერესია, რომ ნებისმიერი თავისუფალი მედია დავიცვათ“, - განაცხადა ვაშაძემ.
დღეს, დეპუტატების - გივი თარგამაძის, ნუგზარ წიკლაურისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა.