გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს არჩილ ცაბუტაშვილს კორუფციული და უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელების მოთხოვნით ზეწოლაში ადანაშაულებენ. დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა წყალმომარაგების კომპანიიდან სამ მილიონამდე ლარის მითვისების საქმეზე ბრალდებულმა თამარ ფხოველიშვილმა. ის ამბობს, რომ უკანონო გადარიცხვებს კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელის ცაბუტაშვილის დავალებით ახორციელებდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობდა. დღეს კი, იმ კორუფციულ სქემებზე მისცა ჩვენება, რომელიც დაცვის მხარის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიერ იყო დაგეგმილი. ამ საქმეზე სამი პირია დაკავებული.
თამარ ფხოველიშვილმა დაკითხვის დროს გაიხსენა ის კონკრეტული შეხვედრები და საუბრები, რომელიც მას ჰქონდა წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორთან არჩილ ცაბუტაშვილთან. ფხოველიშვილი ამბობს, რომ უშუალოდ ცაბუტაშვილმა გააცნო დანაშაულებრივი სქემა, რომლითაც კომპანიის კუთვნილი თანხები უნდა გადაერიცხათ ახლადშექმნილი კომპანიების ანგარიშებზე. მან ასევე გაიხსენა ის საუბარიც ცაბუტაშვილთან, როდესაც ყოფილმა დირექტორმა მას უთხრა, რომ ამ სქემაში მფარველობდა ქართული ოცნების ყოფილი გენერალური მდივანი და პრემიერის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი. ამ სქემაში დახმარების სანაცვლოდ, ფხოველიშვილის თქმით, ამბობს, მას თანხის 20 პროცენტს დაპირდნენ. საქმეში საუაბრია საერთო ჯამში 2,5 მილიონ ლარზე.
კურიერი დაუკავშირდა ყოფილ გენერალურ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს. მან სატელეფონო საუბარში ფხოველიშვილის ბრალდებები უარყოფს და განაცხადა, რომ სგამოძიებო ორგანოები გამოიძიებენ ყველაფერს.
დაკითხვის დროს გაჟღერდა ყოფილი მინსიტრების დავით შავლიაშვილისა და ელგუჯა ხოკრიშვილის გვარებიც. ბრალდებული აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდათ ამ პირებს კორუფციულ სქემასთან და ცაბუტაშვილის ჩანაფიქრთან. თუმცა თამარ ფხოველიშვილი საუბრობს ელგუჯა ხოკრიშვილსა და ცაბუტაშვილს შორის არსებულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ცაბიუტაშვილი უნდა გადასულიყო სამუშაოდ სწორედ გარემოს დაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ ცაბუტაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
თამარ ფხოველიშვილი, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ბუღალტერი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლე და კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი. გამოძიების ვარსიით. მათ კომპანიის კუთვნილი თანხა 2,5 მილიონი ლარი მიითვისეს. სამივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია