თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით თბილისის ღია კინოფორუმი (TOFF) გაიმართება, რომელიც 4 ნოემბერს, 20:00, კ/თ ‘“ამირანში“ ოფიციალურად გაიხსნება რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის ბოლო ფილმით „ფრანკოფონია“ (საფრანგეთი, გერმანია).
თბილისის ღია კინოფორუმი (TOFF) არასაკონკურსო რეგიონული ფესტივალია, რომელიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი ურთიერთკავშირების გაღრმავებისთვის ხელსაყრელი პლატფორმის შექმნას, სადაც თავს მოიყრიან საქართველოს კულტურულ-ისტორიული და შემოქმედებითი რეალობისთვის აქტუალურ სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე კინემატოგრაფისტები, რომლებიც წარადგენენ თავიანთ შემოქმედებას. დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაიმართება დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში, ინტერაქტიული შეხვედრები, დაგეგმილია მასტერკლასები სტუდენტებისათვის და სხვა საინტერესო ღონისძიებები.
ფორუმი შეიქმნა “თბილისის რუსული კინოს ფესტივალის” ბაზაზე, რომელიც 2010 - 2013 წლებში რეგულარულად იმართებოდა. ამჯერად, გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა, ფორუმმა პოსტსაბჭოურ სივრცესთან ერთად თურქეთი და ირანიც მოიცვა. ფესტივალს ესწრება მონაწილე ქვეყნების 50-მდე წარმომადგენელი. წლევანდელ პროგრამაშია 30-ზე მეტი ფილმი: უკრაინიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ირანიდან. მათ შორის, რუბრიკა “ნაციონალური რეტროსპექტივა” ფილმებით “ფოკუსში: უკრაინა”, რომლის შესახებაც უკრაინის ნაციონალური კინოკავშირის პრეზიდენტი სერგეი ტრიმბახი ისაუბრებს. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე და მსახიობი მერაბ ნინიძე წარადგენენ ბახტიერ ხუდოინაზაროვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფილმს “ლუნა პაპა”. მაყურებელს დააინტერესებს თურქეთ-გერმანიის ერთობლივი ფილმი “იარა” (რეჟ. ფატიჰ აკინი), პიტერ გრინუეის უახლესი ნამუშევარი - “ეიზენშტეინი გუანახუატოში”, აგრეთვე, ქართული კინოპანორამა. ფესტივალი დაიხურება 8 ნოემბერს, რეჟისორ ანდრეი პროშკინის ფილმით “ორლეანი”.
გახსნის ცერემონიალზე გია ყანჩელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით განსაკუთრებულად აღინიშნება მისი დამსახურება უნიკალური კინომუსიკის შექმნაში.
თბილისის ღია კინოფორუმის (TOFF) ორგანიზატორები არიან ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი და საპროდიუსერო ცენტრი „კინოპროცესი“.