„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს ვებგვერდმა მუშაობა ელექტრონულ მისამართზე − http://pc.gov.ge/ − უკვე დაიწყო.
საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება ყველა სიახლე, რაც საპროკურორო საბჭოს მუშაობას და მთავარი პროკურორის არჩევნებს ეხება. საიტზე განთავსებულია საპროკურორო საბჭოს წევრთა შემადგენლობა (ბიოგრაფიები), საბჭოს განკარგულებები და ოქმები, მთავარი პროკურორობის კანდიდატების ვინაობა და ბიოგრაფია, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ არიან მთავარი პროკურორობის კანდიდატები და როგორია მათი პროფესიული გამოცდილება და სხვ. ვებგვერდს ცალკე აქვს ანონსების ე. წ. ფანჯარა, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ინფორმაცია მიიღონ იმ ღონისძიებებზე (შეხვედრები, კონსულტაციები, სხდომები და ა. შ.), რომლებიც საპროკურორო საბჭოსა და მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში იგეგმება.
გარდა ამისა, „პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონთან“ ერთად, საიტზე მოკლედ არის მოცემული ინფორმაცია მთავარი პროკურორის არჩევის, გადაყენების, საგანგებო პროკურორის დანიშვნის და გათავისუფლების წესის, მისი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ.
ახალი კანონის თანახმად, მთავარი პროკურორი შემდეგი წესით შეირჩევა: იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს საპროკურორო საბჭო ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს მთავრობას, შემდეგ კი − პარლამენტს.
საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 პროკურორ წევრს აირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით. დანარჩენი წევრები არიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან; ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრთაგან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, როგორც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები. საბჭოს უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.
დღეისათვის საბჭოს 8 პროკურორი წევრი უკვე არჩეულია საქართველოს პროკურორთა პირველ კონფერენციაზე, რომელიც 19-20 ოქტომბერს ჩატარდა.
ასევე, არჩეულია საბჭოს წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან − ეკა ბესელიას კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 23 ოქტომბერს მმართველი გუნდის სხდომაზე დაასახელეს.
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელა საპროკურორო საბჭოს წევრები: მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი.
რაც შეეხება სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატურები განიხილა. სასწავლო უნივერსიტეტ „ევროპული აკადემიის“ მიერ წარდგენილ პოლიკარპე მონიავას კანდიდატურას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი; „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი ირმა ჭკადუას კანდიდატურა 82 ხმით დაამტკიცეს.
საბჭოს ექნება უფლება, დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, დანიშნოს საგანგებო პროკურორი, წარუდგინოს პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. აქამდე ამგვარი ორგანო, რომელიც მთავარი პროკურორობის კანდიდატს შეარჩევდა, და, ასევე, უფლებამოსილი იქნებოდა, მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება განეხორციელებინა, არ არსებობდა. ამიტომაც შეფასდა ეს რეფორმა ვენეციის კომისიის მიერ როგორც ნოვატორული და პროგრესული ნაბიჯი.
საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.
პროცესის მაქსიმალური ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კანონი საპროკურორო საბჭოს ვებგვერდის ფუნქციონირებას ითვალისწინებს.