საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ აინტერესებს, როგორ შეაფასებენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ,,სისხლის ღვრისკენ” მოწოდებებს. ამის შესახებ მან გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
,,მაინტერესებს ჩვენი პარტნიორების შეფასებები მარად აღშფოთებულ-შეშფოთებულები რომ იყვნენ ნებისმიერ მკვახეთ ნათქვამ ფრაზაზე, ძველი თუ ახალი პრემიერის მიერ. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ირიბად ნათქვამ სიტყვასაც კი არ შეარჩენდნენ, დღეს, როდესაც პირდაპირ მოწოდებებია სისხლის ღვრისკენ, მაინტერესებს, რას იტყვიან ისინი - არიან ქვეყნის მეგობრები, თუ არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც აშკარად ჩანს, რომ დანაშაულის ნიშნების მატარებლები არიან", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღიძრას საქმე.