ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ვერ მოხდება. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში პირიქით, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს.
მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით, სამართლებრივი პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე, ამის საფუძვლებს არ ხედავს.
"მოქალაქეობის ჩამორთმევისას უნდა არსებობდეს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც ამ ეტაპზე არა მგონია, რომ სახეზე გვქონდეს. ამიტომ მოცემულ ეტაპზე ამაზე საუბარი ვფიქრობ, რომ არ არის სამართლებრივად სწორი. არ ვიცი რა საფუძველს შეიძლება გულისხმობდეს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ეს საფუძველი არსებობდეს. თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ან არსებობს ეჭვები, რომ შეიძლება მონაწილეობდეს რაიმე ფორმით რაიმე დანაშაულში პირიქით, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. არც საფუძვლები ითვალისწინებს ამას. ასეთ შემთხვევაში პირიქით, მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს პირს და გამოძიება გაგრძელდეს", - განმარტავს ნაცვლიშვილი.
იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.