ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომელიც გუშინ გავრცელდა, ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიაზე შანტაჟი ხორციელდებოდა. ანა ნაცვლიშვილის თქმით სატელეფონო საუბრის აუდიომასალა არანაირად არ ხსნის იმ კითხვებს, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში აქამდე არსებობდა და ხელისუფლებამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
„ეს ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, ერთის მხრივ ადასტურებს იმას, რომ გვარამიაზე მართლაც ხორციელდებოდა ზეწოლა, რადგან სწორედ ამ ტიპის ჩანაწერების გასაჯაროება იყო მუქარის ერთ-ერთი ნაწილი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ამ ჩანაწერების კანონიერების საკითხი,“ - განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და საია-ს წარმომადგენლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ხვდებიან. შეხვედრაზე, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ოფისში მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი და ჟურნალისტები თამარ ბაღაშვილი, თეონა ცხომელიძე, დიანა ჯოჯუა, გიორგი გაბუნია ესწრებიან.