გიორგი ცააძეს და ირაკლი ფირცხალავას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი სცნო.
კერძოდ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში ერთ პუნქტში გამართლდა და ორში გამტყუნდა გიორგი ცააძე. მას საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ამნისტიის გათვალისწინების შედეგად. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, იგი ცააძის მსგავსად გამართლდა ფალსიფიკაციის ნაწილში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მუხლით და მასაც საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად.
ლევან ბეროძე, ფალსიფიკაციის ბრალდების ნაწილში იქნა დამნაშავედ ცნობილი და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება უკანონო დაკავების ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, დაკავების ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტები დარღვეული იყო და ამ ფაქტს სისხლიანი სპეცოპერაცია ეწოდა, რომელიც კრიმინალურად განვითარდა.