ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის მოწოდება მოსამართლისადმი იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან გამომდინარეობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა კრიტიკა მარგველაშვილის მიმართ, რაზეც კოჟორიძემ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა და განაცხადა ასევე, რომ პრეზიდენტმა მოსამართლის მიმართ მოწოდება არსებული გარემოს დამშვიდების მიზნით გააკეთა.
"შეხვედრაზე იყო საუბარი ამ თემაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება, თუ რატომ გააკეთა ეს განცხადება. პრეზიდენტის მთავარი მიზანი ამ განცხადების გაკეთებისას იყო ის, რომ დამშვიდებულიყო არსებული გარემო - მისი მოწოდება იყო სწორედ ის, რომ მშვიდ გარემოში მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება, ყოველგვარი აჩქარების გარეშე და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც, ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მოსამართლემ ამ საქმეზე რაც შეიძლება სწრაფი გააწყვეტილება უნდა მიიღოს. ერთ-ერთი მიზეზი ამ განცხადების გაკეთებისა, რომ მოსამართლეს მშვიდ გარემოში მიეღო გადაწყვეტილება, იყო ეს", - განაცხადა კოჟორიძემ.