შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკური ზონის „ბათუმის“ თანამშრომლებმა კომპანიის მიერ 15 ოქტომბერს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის ნაწილი შეაჩერეს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, შეჩერებულია 14,490.00 აშშ დოლარის ღირებულების, 150 000 ცალი უსაფრთხო სამართებელი, ნიშანდებული სასაქონლო ნიშნით „BIG”. აღნიშნული საქონელი, სავარაუდოდ, წარმოებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე „BIC” უფლების დარღვევით.
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის გაფორმების პროცედურები 10 სამუშაო დღით შეაჩერა. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ ეცნობა საქონლისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს.