ჩემი ადგილი არც ერთი დღე არც ერთ მთავრობაში არ იქნება, რომელიც თავისუფალ სიტყვას დაუპირისპირდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
"მაქვს ჩემი პირადი აზრები და პოზიცია, რომელსაც ჩემთვის შევინახავ, ეს არ მიშლიდა ხელს არასდროს, რომ ინტერვიუ მივცე ამა თუ იმ ტელეკომპანიას, ამა თუ იმ ფორმით ვითანამშრომლო რა ფორმითაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უნდა თანამშრომლობდნენ. თავისუფალი მედია არის ნებისმიერი ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი, რომელზეც შენდება დემოკრატიული სახელმწიფოები და ინსტიტუტები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, თავისუფალი მედიისთვის ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი 2004 წლიდან მოყოლებული ქართული ოპოზიციისათვის.
„თავისუფალი მედიისთვის ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი 2004 წლიდან მოყოლებული ქართული ოპოზიციისათვის, რომელსაც მაშინ მეც მივეკუთვნებოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დავუპირისპირდი. სწორედ იმის გამო, რომ ტელევიზიები ერთმანეთის მიყოლებით მესაკუთრეებს კარგავდნენ და შემთხვევით, მე არავის არ ვაბრალებ, ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხდებოდა ამ ტელევიზიების მესაკუთრე და ხან რომელიმე მინისტრი და ხან რომელიმე მინისტრის ცოლის ძმა. ეს იყო ბრძოლა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ადგილი არც ერთი დღე არც ერთ მთავრობაში არ იქნება, რომელიც თავისუფალ სიტყვას დაუპირისპირდება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.