უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება წინასწარი მონაცემების თანახმად, კიევში, ლვოვში, ოდესასა და დნეპროპეტროვსკში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.
ეგზიტპოლების მიხედვით, კიევის მერის პოსტზე ვიტალი კლიჩკო ლიდერობს. მას ამომრჩევლის 40–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მერის თანამდებობის დასაკავებლად დიდ ქალაქებში ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვებაა საჭირო.
ამასთან, ,,ბიბისის” ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი მარია გაიდარი საარჩევნო უბნიდან გააძევეს. გამოცემა იტყობინება, რომ გაიდარი ამაზე თავად საუბრობს. კერძოდ, ის ხმების დათვლის პროცედურას ესწრებოდა, რა დროსაც კომისიის წევრებმა ოთახის დატოვება უბრძანეს.
გაიდარის თქმით, პროცედურის დროს მასთან ერთად მისულმა დამკვირვებლებმა დარღვევები დააფიქსირეს და აღნიშნულის შესახებ განაცხადს სამართალდამცავ ორგანოში შეიტანს.
ეგზიტპოლების მონაცემებით, ოდესის მერის პოსტზე მოქმედი მერი გენადი ტრუხანოვი ლიდერობს, მეორე ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ალექსანდრ ბოროვიკია.
არჩევნები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ჩატარებულა.