საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 25 მაისს კამერუნთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ქეცბაია ავსტრიის ქალაქ ლინცში 22 ფეხბურთელს წაიყვანს. ესტონეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ნაკრების თავკაცმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა.
კამერუნთან თამაშისთვის გამოძახებული არიან უჩა ლობჟანიძე, რომელიც ექტორ კუპერის ფორმაციის ნაკრებში მუდმივად ხვდებოდა, აგრეთვე ჯანო ანანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით დევდარიანი, ილია კანდელაკი და "ზესტაფონის" ახალგაზრდა მეკარე როინ კვასხვაძე. კვასხვაძე და ანანიძე ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები არიან და 30 მაისს შვეიცარიასთან გასამართი ოფიციალური მატჩისთვის ოთარ გაბელიას განკარგულებაში იქნებიან.
საქართველოს ნაკრები 25 მაისამდე ერთკვიარიან შეკრებას გაივლის და 18 მაისს ზალცბურგის ახლოს მდებარე ქალაქ კაპრუნში დაბანაკდება. 25 მაისს კი ქეცბაიას თავკაცობით მეორე შეხვედრას ჩაატარებს. თავად ნაკრების თავკაცი 5 მაისს მოსკოვში "სპარტაკის" და "ანჟის" საჩემპიონატო დაპირისპირებას დაესწრება და ნაკრების ფეხბურთელებს და კანდიდატებს საქმეში ნახავს.
შეგახსენებთ, რომ "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში საკმაოდ ხშირად ჯანო ანანიძე თამაშობს. "ანჟიში" კი ერთბაშად ექვსი ქართველია: ნუკრი რევიშვილი, დავით კვირკველია, გოჩა ხოჯავა, ზურაბ არზიანი, რევაზ ბარაბაძე და გიორგი ილურიძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლომაია (ინტერი, აზერბაიჯანი), მაქსიმე ქვალითაია (ლოკომოტივი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).
მცველები: კახა კალაძე (მილანი, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი, ინგლისი), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), ილია კანდელაკი ( შტურმი, ავსტრია), გიორგი შაშიაშვილი (ერგოტელისი, საბერძნეთი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა).
ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), ზურაბ მენთეშაშვილი (თელ-ავივის ჰაპოელი, ისრაელი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია), დავით კვირკველია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მერებაშვილი (ვოევოდინა, სერბეთი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), დავით სირაძე (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), ოთარ მარცვალაძე (ვოლგა, რუსეთი), ლადო დვალიშვილი (მაკაბი ჰაიფა, ისრაელი).