ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განმარტებით, ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულების გამოძიების საქმეში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი ან უნარი, რომ განხორციელებული ქმედებები ჭეშმარიტად გამოიძიოს.
როგორც მან „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე წინასწარი მოკვლევა განხორციელდა, რომლის მიზანია, კონფლიქტის დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყოს.
„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩემმა სამსახურმა შეკრიბა და გულდასმით გააანალიზა სხვადასხვა სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოსა და რუსეთის შესაბამისი ორგანოებიდან. ამ დამოუკიდებელი და სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მივედი დასკვნამდე, რომ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიება საჭიროა“, - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
მისივე თქმით, აქვს უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პიროვნების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები გამოვიძიონ.
,,ასევე, გვაქვს უფლება, გამოვიძიოთ და სისხლისსამართლებრივი დევნა ვაწარმოოთ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობები, იძულებით გაუჩინარება და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა ჩადენილი სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ, რომელშიც შესაძლოა, მონაწილეობას რუსეთის ძალები იღებდნენ“, - განმარტა ჰააგის პროკურორმა.
მისი ინფორმაციით, 2008 წლის კონფლიქტის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით, 75%-ით შემცირდა. ბენსუდა მიიჩნევს, რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს.
მისივე თქმით, სავარაუდო დანაშაულები, რომელიც ეთნიკური ქართველების იძულებით გადასახლებასთან და ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთანაა დაკავშირებული, დასაშვებია.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ ორივე ტიპის დანაშაულები განიხილოს, რადგანაც საქართველოში ამ საქმეებზე ეროვნული შიდა სამართალწარმოება შეჩერებულია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო საშუალებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საქმეში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი ან უნარი, რომ შესაძლო დანაშაულები ჭეშმარიტად გამოიძიოს ან ამ ქმედებაზე დევნა აწარმოოს“, - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
საქართველოში ჩამოსვლამდე მან მოსამართლეებს თხოვნით მიმართა, 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.