12 ოქტომბერს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (ლ.გუდიაშვილის N7) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ცოტნიაშვილის წიგნის, „ნამდვილი ამბების“, პრეზენტაცია გაიმართება. „ნამდვილი ამბები“ განათლების სახლისა და საპატრიარქოს ტელევიზიის ერთობლივი პროექტია და ადამიანურ ისტორიებს მოგვითხრობს, რაც ომის დროს პოლიტიკას არ ახსოვს.
„ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე „ნამდვილი ამბები“, ძალიან შთამბეჭდავია, მიუხედავად იმისა, რომ დამასევდიანა“, - აცხადებს მწერალი დათო ტურაშვილი.
ზაზა ცოტნიაშვილი არის პროფესორი, პუბლიცისტი, განათლების სახლისა და კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის ნამდვილი წევრი, რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდი სექსპერტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი და მედიის სკოლის დეკანი, გორის უნივერსიტეტის რექტორი; გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორი; სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პოლიტიკურ მეცნიერებაში; საქართველოს პრეზიდენტის შიდა ქართლის რწმუნებულთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი; შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; პუბლიცისტური ჟურნალის „ახალგაზრდა ჟურნალისტის“ გამოცემის ხელმძღვანელი; გაზეთ „შიდა ქართლის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი.
ზაზა ცოტნიაშვილისხელმძღვანელობით მოპოვებული და განხორციელებულია საგრანტო პროექტები, მათ შორისაა - „შესაძლებლობების შექმნა გორის უნივერისტეტში“, პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ლატვიის საელჩოს მიერ (2009-2010); ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: „ცოდნის მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები“, „ღია სამყარო-2008“, დაფინანსებულია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის „ღია სამყაროს“ ლიდერთა ცენტრის მიერ (2009); კითხულობს სალექციო კურსებს: "საერთაშორისო კონფლიქტის ანალიზი", „მედია და კონფლიქტი“, „პოლიტიკა და მასმედია“, „წერითი და ზეპირი კომუნიკაცია“; დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია: XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ნოველა (ფილოლოგია) (1998) და სადოქტორო დისერტაცია: ქართულ-ოსური ურთიერთობის ასახვა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე (მედია, პოლიტიკა) (2005); ავტორია 3 მონოგრაფიის, 36 სამეცნიერო ნაშრომის და 300-მდე პუბლიცისტური სტატიის.