ENG / RUS       12+

ნიკოლოზ ვაშაკიძე: საზოგადოება იმკის თავისი ინფანტილიზმის, სიზარმაცისა და არასერიოზულობის შედეგს

რესპოდენტის შესახებ

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან სამი წელი სრულდება. როგორი იყო განვლილი სამი წელი, რა მიღწევები ჰქონდა მართველ პარტიას, რამდენად გამართლდა საზოგადოების მოლოდინები და როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალი საარჩევნო ბატალიები ამ საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ დიპლომატს, კონსტიტუციონალისტს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

- მოგესალმებით, როგორი შეფასებდით „ქართული ოცნების“  მიერ 2012 წლის 1-ლი ოქტობრიდან 2015 წლის 1-ელ ოქტომბრამდე განვლილ გზას?

- როგორც წარუმატებელს. ზედმეტი მომაბეზრებელი რიტორიკა რომ ავირიდოთ თავიდან, ორადორ ჯიუტ და მრავლისმეტყველ სტატისტიკურ მონაცემს შევხედოთ, რომლებსაც ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ გააბათილებს: „ქართული ოცნების“ მმართველობის დაწყებამდე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი ახლოს იყო ორნიშნა რიცხვთან, დღეს ის ნულთან არის ახლოს; ეროვნული ვალუტის კურსი იყო მყარი და სტაბილური და წლების მანძილზე თამაშობდა 1.6-1.7 ლარის ფარგლებში დოლართან, დღეს ის 2.5- ს მიუახლოვდა და სტაბილურობის იმედს არ გვაძლევს. საგარეო პოლიტიკის შეფასება საკმაოდ ამომწურავადაა გაკეთებული ახლახანს შექმნილი „დიპლომატთა კლუბის“ დასკვნაში მთავრობის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. აქაც შედეგი სავალალოა. კრიმინოგენული სიტუაცია, მართალია, ხელიდან არ გაქცევიათ, მაგრამ საგრძნობლად გაურესებულია. ისევ გაღრმავდა კორუფცია, განსაკუთრებით, ელიტარული კორუფცია, და ამის შესახებ, ვფიქრობ, კომპეტენტური ადამიანები დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ საზოგადოებას. „ქართული ოცნების“ რეიტინგი მკვეთრად არის დაცემული მოსახლეობაში და, შესაბამისად, ხორციელდება მისი სხვა, ფსევდოოპოზიციური ძალებით ნაწილობრივი ჩანაცვლების მცდელობა, რომლებიც გამოირჩევიან „ოცნებაზე“ გაცილებით უფრო ოდიოზური იდეოლოგიით, ხოლო კომპეტენციით მასზე კიდევ უფრო უარესები არიან. ერთი სიტყვით, საქართველოს საზოგადოება იმკის თავისი ინფანტილიზმის, სიზარმაცისა და არსერიოზულობის შედეგს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ საზოგადოება იმკის თავისი ინფანტილიზმის, სიზარმაცისა და არსერიოზულობის შედეგს. ანუ იმის თქმა გსურთ, რომ „ქართული ოცნებამ“ ვერ გაამართლა ის მოლოდინები, რომელსაც მას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირებდა?

- „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაამართლა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოლოდინები. მან შეძლო მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის მოლოდინების დაკმაყოფილება. ეს უმნიშვნელო ნაწილი არის თავად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრები, მათთან დაახლოვებული პირები და მათი ოჯახების წევრები, რომლებმაც დაინაწილეს სახელმწიფო თანამდებობები, სარფიანი ბიზნესები და საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს საკუთარი კეთილდღეობის მკვეთრი ამაღლება, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე.

-  და მაინც, რა შეგიძლიათ დაასახელოთ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდ წარმატებად და წარუმატებლობად?

- „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ მის ფარგლებში ბევრმა პარაზიტულმა პოლიტიკურმა ძალამ და პიროვნებამ მოახდინა საბოლოო თვითლუსტრაცია და, იმედია, ისინი აწი მოსახლეობის მოტყუებას ვერ შეძლებენ და თანდათან  ჩამოშორდებიან პოლიტიკურ სცენას. „ქართულმა ოცნებამ“ დადო საქართველოს მოსახლეობის წინაშე ქრესტომატიული მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება სახელმწიფოს მართვა და ამაშიც არის სერიოზული სარგებელი, რადგან ამ ნეგატიურ მაგალითზე საზოგადოებამ შეიძლება კარგი გაკვეთილი გამოიტანოს.

ყველაზე დიდ წარუმატებლობად მიმაჩნია ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ქვეყანა უმძიმეს საგარეო და საშინაო-პოლიტიკურ გამოწვევებს დასუსტებული და დეზორიენტირებული ხვდება. ეს მდგომარეობა ძალზე დიდ საფრთხეს შეიცავს ქვეყნის მომავლისათვის.

- თუმცა, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს სუსტი და ძლიერი მხარეები...

- ყველაზე ძლიერი მხარე არის ის, რომ „ოცნება“ ეფექტურად ახერხებს ჩვენი ადამიანების და საზოგადოების სისუსტეების, ნეგატიური მხარეების და ნეგატიური ემოციების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს, პირველ რიგში, თუნდაც, მის სახელწოდებაშია ასახული. ამ ინფანტილურმა სახელწოდებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში არჩევნებში. „ოცნებამ“ მოახდინა წარმატებული სპეკულირება ადამიანების შურისძიების წყურვილზე, რეტროგრადების რევანშისკენ სწრაფვაზე და ყალბ, არასწორად გაგებულვითო „ეროვნულ“ ღირებულებებზე. თუმცა, ამ ნეგატივზე აგებული ძლიერი მხარის რესურსი, რა თქმა უნდა, კანონზომიერად იწურება.

ყველაზე სუსტი მხარეები არის კომპეტენციის და პატრიოტიზმის დაბალი დონე, პატიოსნების დეფიციტი და სტრატეგიული ხედვის არქონა.

- რას იტყვით 2012 წელს დამარცხებულ მმართველ ზალაზე, როგორ გამოიყურება ის დღეს - სამი წლის შემდეგ?

- სიმართლე გითხრათ, მე მიჭირს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა, რადგან ის დღეს პოლიტიკური დევნის ქვეშ მყოფი პარტიაა. დამეთანხმეთ, მორალურად ძნელია აკრიტიკო ის პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერების სასამართლო პროცესებზე ისეთი სამარცხვინო ფაქტები ხდება, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. თუმცა, სიმართლის მიჩქმალვა, ალბათ, სიკეთეს არც საქართველოს მოუტანს და არც მათ. ის მაინც ხომ უნდა ითქვას, რომ „ოცნებამ“ მათი პოლიტიკური დევნა სწორედ ნაცმოძრაობის მიერ დატოვებულ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემის არაჯანსაღ მემკვიდრეობაზე ააგო. სამწუხარო აქ ისაა, რომ „ოცნებამ“ თითქმის არ გამოიყენა და არ განავითარა ის სიკეთეები რაც ნაცმოძრაობამ რეალურად დაუტოვა ქვეყანას, სამაგიეროდ არაჯანსაღი და ნეგატიური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ელვისებური სისწრაფით შეითვისა და დაიყენა საკუთარ სამსახურში.

- დამეთანხმეთ, რომ საკუთარი შეცდომების დანახვა, საკუთარი საქმიანობის კრიტიკული შეფასება, ალბათ ყოველთვის ერთერთი ყველაზე უფრო ძნელი ამოცანაა.

- ვფიქრობ, ეს პროცესი ალბათ ნაცმოძრაობაშიც მიმდინარეობს, მაგრამ არასაკმარისი სიღრმით. ვშიშობ, ყოფილი მმართველი ძალა საკუთარ მარცხს 2012 წლის არჩევნებში დღემდე მაინც უფრო როგორც დასანან შემთხვევითობას, ვიდრე კანონზომიერებას, ისე განიხილავს. მძიმე პოლიტიკური მარცხის შემდეგ ამ პოლიტიკურ პარტიას აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა საკუთარი თავის სიღრმისეული რეფორმირება, გზა უნდა გაეხსნა საკუთარ წიაღში ახალი ადამიანებისთვის, ახალი ლიდერებისთვის. გარკვეული მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მის პოლიტიკურ მესიჯებშიც რაიმე განსაკუთრებულ სისახლეებს და შემოქმედებითი პროცესის შედეგებს ვერ ვხედავთ. ყველაფრის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ მყარი და შემდგარი პოლიტიკური ძალაა და ის, რა თქმა უნდა, დარჩება საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ანგარიშგასაწევ და მნიშვნელოვან ძალად. მას გააჩნია მყარი და ერთგული ელექტორატი, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომელმაც მას შეიძლება პრინციპული პოლიტიკური გამარჯვება მოუტანოს. ამდენად, თუ არ გამოჩნდა ახალი, ძლიერი პროდასავლური ძალა, რისთვისაც დრო თითქმის აღარ რჩება, პრორუსული ძალების გამარჯვება 2016  წლის არჩევნებზე გარდაუვალი ხდება.

- გაკეთდა განცხადებები, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ შენაჩუნდება. როგორ ფიქრობთ, რომელი პოლიტიკური ძალები გაუწევენ მას არჩევნებში რეალურ კონკურენციას და არის თუ არა მოსალოდნელი ხელისუფლების თვისობრივი შეცვლა - ანუ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება?  

- ნაწილობრივად ამ კითხვაზე პასუხები უკვე ზემოთაც გაგეცით. „ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეეცდება მიიღოს იმის მაქსიმუმი, რაც შესაძლებელია, თუმცა მის მესვეურთ კარგად ესმით, რომ შექმნილ ვითარებაში ეს არასაკმარისია. ამიტომ, იგივე ძალის მიერ, რომელიც „ოცნების“ უკან დგას, დაწყებულია, ასევე, ფსონის დადება რამოდენიმე ფსევდოოპოზიციურ ძალაზე, რომლებმაც „ოცნებასთან“ ერთად მომდევნო პარლამენტში ამ ერთი  ძალის მიერ მართული ფარული ან ღია უმრავლესობა უნდა შეკრან. სამწუხარო აქ ისაა, რომ ამ ძალების იდეოლოგია  და შემადგენლობა, მათი ხმამაღალი რიტორიკის მიუხედავად, არ გამოირჩევა არც პროგრსულობით და არც პატრიოტიზმით, არამედ პირიქით. საპირისპირო პოლუსზე რჩება „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის მარტო. მას, რა თქმა უნდა, არ გააჩნია იმის რესურსი, რომ რეალური კონკურენცია გაუწიოს არჩევნებზე იმ ფარულ კოალიციას, რომელიც ახლა ყალიბდება. ამდენად, არსებული განლაგებით, იმას, რასაც თქვენ „ხელისუფლების თვისობრივი შეცვლა“ უწოდეთ არ მოხდება. თუმცა, როგორც ვატყობ, ზოგიერთს „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც სასწაულებრივი სცენარის სჯერათ. ეს კი ყველაზე უფრო ცუდი სიმპტომია, რაც განასახიერებს რეალობიდან მოწყვეტას და ოცნებებში გადავარდნას. სინამდვილეში, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდა ახალი ძლიერი პროგრესული ძალა. თუმცა, ვიმეორებ, ამისათვის დრო თითქმის აღარ რჩება.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .