ბოლო 40 წლის მანძილზე, გამოვიდა ‘ვეფხისტყაოსანის’ ახალი ინგლისური თარგმანი, რომლიც პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.
პრეზენტაცია გაიმართება 2015 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 12:00 საათზე.
ახალ გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ ‘პოეზია’. ”ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა, ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. პწკარედები შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ‘ვეფხისტყაოსნის’ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემა. შესაბამისად რედაქტირება გაუკეთა პროფესორმა ნოდარ ნათაძემ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თარგმანი არა მარტო ფართო მკითხველის, არამედ ლიტერატურათმცოდნეების მოწონებასაც დაიმსახურებს.
1-7 ოქტომბერს, ლონდონში ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, ვეფხისტყაოსნის ახალ თარგმანთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს გაიმართება გამოცემის განხილვა, რომლეშიც მთარგმნელი ლინკ კოფინის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ: მწერალი აკა მორჩილაძე, და მთარგმნელი - ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. სტროფებს წაიკითხავს ცნობილი ინგლისელი მსახიობი დაიან ქვიქ.
Lლინ კოფინის შესახებ (მთარგმნელი)
***ამერიკელი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ლინ კოფინი დაიბადა 1943 წელს. დღემდე გამოქვეყნებული აქვს პოეზიის სამი კრებული. მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები და პიესები წლების განმავლობაში იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში. იგი მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში იოსებ ბროდსკისა და ჩესლავ მილოშთან ერთად. გია ჯოხაძის მიერ თარგმნილი მისი ლექსების კრებული 2012 წელს თბილისშიც გამოიცა. ლინ კოფინს მთარგმნელობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. ლინ კოფინისეული თარგმანი გამოყენებულ იქნა, ნობელის კომიტეტის მიერ ჩეხი პოეტის იაროსლავ სეიფერტისათვის პრემიის მინიჭებისას 1984 წელს. ლ.კოფინს ასევე თარგმნილი აქვს ანა ახმატოვა, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლელი და ირანელი პოეტები. რამდენიმე წელია იგი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. 2013 წელს დ.კიზირიას რედაქტორობით აშშ-ში გამოიცა ‘ქართული პოეზიის ანთოლოგია”, რომელშიც შევიდა ძველი ქართული ლიტერატურის (XIX ს ჩათვლით) ნიმუშები. ლ. კოფინმა ასევე თარგმნა თანამედროვე ქართველი მწერლები – დათო ბარბაქაძე, გიორგი კეკელიძე, გივი ალხაზიშვილი, ზაზა აბზიანიძე.
***
“ვეფხისტყაოსნის” თარგმანები:
- ”ვეფხისტყაოსნის’ პირველი თარგმანი ინგლისურად მარჯორი სკოტ უორდროპმა შეასრულა პროზაული ფორმით. ეს თარგმანი პირველად 1912 წელს გამოქვეყნდა.
- 1968 წელს თბილისში გამოქვეყნდა ვენერა ურუშაძის Hჰეკზამეტრით შესრულებული პოეტური თარგმანი.
- ხოლო 1977 წელს აშშ-სა და ინგლისში გამოქვეყნდა რ. სტივენსონისა და ქ. ვივიენის პროზაული თარგმანები.
ამდენად, ლინ კოფინის თარგმანი პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.
***“ვეფხისტყაოსნის” ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება, ქ. თბილისში, 2015 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
მისამართი: გუდიაშვილის #7.