ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში, ქალაქ მექასთან, მინას ხეობაში ჰაჯის რიტუალის დროს, ჭყლეტის შედეგად 453 ადამიანი დაიღუპა, 719 კი დაშავდა. უბედური შემთხვევისას მომლოცველები ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალს ასრულებდნენ. რიტუალში 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.
საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გაგზავნილია 4000-მდე დამხმარე პერსონალი და 220 სასწრაფო დანიშნულების ჯგუფი. დაშავებულები გადანაწილებული არიან 4 ადგილობრივ საავადმყოფოში.
ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა ჰაჯის რიტუალის დროს. მას შემდეგ, რაც 2006 წელს "ეშმაკის ქვით ჩაქოლვას" 364 ადამიანი ემსხვერპლა, საუდის არაბეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე. თუმცა, მიმდინარე წლის სექტემბერში, ჰაჯის რიტუალისთვის წინასწარი სამუშაოების მიმდინარეობისას, ამწეს ჩამონგრევას 109 ადამიანი ემსხვეპლა.