ENG / RUS       12+

სოსო ცინცაძე: უგულავას ცუდი საქმეები უკვე გადაიფარა

რესპოდენტის შესახებ

გიგი უგულავა 24 საათიანი თავისუფლების შემდეგ კვლავ დააკავეს და შპს ”თბილსერვისის” საქმეზე, 4 წლითა და 6 თვით, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყოფილი მერის გარშემო განვითარებული მოვლენებს საკმაოდ მკაცრი შეფასებები მოყვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყანაში კი ხელისუფლებისა და მისი მხადამჭერების გარდა უმეტესობა უგულავას დაკავების პოლიტიკურ და/ან მორალურ მოტივებზე საუბრობს.  უგულავას დაკავების ფაქტზე და საერთაშორისო რეაქციაზე „ჯი-ეიჩ-ენი“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

სოსო ცინცაძე: ბოლო ხანებში, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი იმის შესახებ, არის თუ არა უგულავა პოლიტიკური პატიმარი. მე დიდი ხანი ვცხოვრბდი სსრკ-ში და კარგად ვიცი პოლიტპატიმრების ეპოპეა, როდესაც ადამიანებს ხულიგნობის მუხლით იჭერდნენ და მასობრივი დაკავებები მიმდინარეობდა... სწორედ სსრკ-ში დევნიდნენ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების გამო, დღეს კი, სულ სხვა ვითარებაა. არც ის ადამიანები იყვნენ პოლიტპატიმრები, რომლებიც ”ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამნისტიით გაათავისუფლა და არც ყოფილი მერი მგონია პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნილი.

- საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას საპყრობილეში ყოფნა, არაკონსტიტუციურად ცნო, 9 თვის ნაცვლად ყოფილ მერს 14 თვე გაატარებინეს ციხეში, ამას ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესეს გარდა, სხვა რა ახსნას მოუძებნით?

- პოლიტპატიმრების დაკავების აპრობირებული მეთოდი, არ არის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო გასამართლება, აწმყოში მოუძებნიან და გამოუქექავენ ხოლმე რაღაცას... თუ გახსოვთ, გენერლები დააკავეს ოკლენდის ომის დროს, ასევე ცნობილი ფაქტია, რომ რამდენიმე პრეზიდენტიც არის დაჭერილი წარსულში ჩადენილი უკანონობისთვის. ჩვენ ეს ფაქტები პოლიტიკურ ასპექტში არ უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ვერსად გავექცევით იმას, რომ 9 თვის ნაცვლად, უგულავა 14 თვე იჯდა ციხეში, მაგრამ კანონის ეს ნორმა ვინ შემოიღო?

- რაში დასჭირდა ხელისუფლებას უგულავას 14 თვიანი წინასწარი პატიმრობა?

- ეს  ბრალდების მხარის არაპროფესიონალიზმის დამსახურებაა, პროკურატურისთვის რთულად დასამტკიცებელი აღმოჩნდა წარდგენილი ბრალი. უგულავა არ იყო კარგი მერი და ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა. მრავალი ბუნდოვანი ფაქტია ყოფილი მერის გარშემო და ბრალის ვერ დამტკიცება, ამ დროის განმავლობაში, არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

უგულავას 14 თვიან წინასწარ პატიმრობას ვთვლი პოლიტიკურ შეცდომად. ეს,  რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად წამგებიანი სვლა იყო - ეს იყო შეცდომა. ასეთ ვითარებაში კი, ყოველთვის პროტესტის გრძნობა უჩნდებათ ადამიანებს, ბევრი იფიქრებდა - განა არ შეეძლოთ ამ კაცისთვის 4 დღე მაინც მიეცათ სახლში ყოფნისთვის? ეს ვერც მე  ავხსენი...

- დამეთანხმეთ, საზოგადოებისთვის სწორედ ასეთი ფაქტები აძლევს ამ საქმეს პოლიტიკურ ელფერს...

- გეთანხმებით, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, თითქმის ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გახმაურებულ საქმეს, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში არ განხილულა.

ხალხის თვალში უგულავა არის ადამიანი, რომელსაც ოჯახისა და შვილების ნორმალურად ნახვის შანსიც არ მიეცა. ალბათ ნებისმიერ ადამიანზე იმოქმედებდა ის კადრები, რომელიც საქალაქო სასამრთლოში არის გადაღებული. შეიძლება, სასამრთლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა,  ერთი კვირით პროცესის გადადებაზე, მაგრამ ჩემთვის და ალბათ ბევრი სხვისთვისაც, ასეთ ვითარებაში მორალი კანონზე უფრო მაღლა დგას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეიძლება საქმის გასაცნობად ერთი კვირა თითიდან გამოწოვილი მიზეზია, მაგრამ თუკი ჩვენ ევროპისკენ და დასავლეთისკენ მივდივართ, მაშინ მათი დაწერილი და დაუწერელი კანონებიც უნდა გავატაროთ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში დასავლეთის დაწერილ კანონს შეგახსენებთ, რომლის მიხედვითაც, ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს არანაირი სამართლიანობა, ეს არ არის ჩემი სიტყვები, თანაც ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღსრულებაც პირობითია - იმიტომ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ შეეძლოთ უგულავას დაკავება. მოსახლეობაზე მოქმედებს ასეთი სენტიმენტალური კადრები და უგულავას ცუდი საქმეები, მგონი უკვე გადაიფარა.

-  ”ოცნებამ” საკუთარი ელექტორატის ნაწილი უგულავას დაჭერითაც დაკარგა?

- ”ოცნება” უგულავას გარეშეც კარგავდა ამომრჩევლებს და ეს ტენდენცია დიდი ხანია დაწყებულია. დაპირებების შეუსრულებლობაზე უკვე აღარ ვსაუბრობ, ადამიანებს სამსახურიც კი არ აქვთ. ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის არასწორი საკადრო სელექცია, ეს ქართული პოლიტიკის ”აქილევსის ქუსლია”. მე არ შემიძლია საბანკო-საფინანსო პოლიტიკაზე საუბარი, ვერც მართლმსაჯულებაზე ვისაუბრებ, მაგრამ პოლიტიკურ ასპექტში სწორი დასკვნების გამოტანა შემიძლია.

- უგულავას გარშემო განვითარებული მოვლენები რამდენად საზიანო იქნება ჩვენი საგარეო იმიჯისთვის? ევროპის სახალხო  პარტიის თავმჯდომარემ უკვე აღნიშნა, რომ უგულავას საქმე, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს...

- შეიძლება ბევრი ამბობს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა”, სახალხო პარტიას ქრთამს აძლევდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პარტია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ევროპაში და ბევრ პროცესზე ახდენს გავლენას. მაკვირვებს ჩვენი ხელისუფლების წევრების აგდებული მიდგომა ამ საკითხის მიმართ, ბოლოს და ბოლოს, სახალხო პარტია ევროპარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენს... ამ სახალხო პარტიაზეც არის დამოკიდებული ჩვენი ევროკავშირში მიღების საკითხი. რაც ”ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა სამინისტროში კადრების 90 % შეიცვალა, გამონაკლისი მხოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროა... ესე იგი, ხელისუფლება ან ყურადღებას არ აქცევს საგარეო პოლიტიკას, ან კომპეტენცია არ აქვს. გაკვირვებული ვარ ელჩების დანიშვნის პრაქტიკით, ინგლისში ელჩად ნიშნავდნენ კაცს, რომლის ერთადერთ ღირსებად, მწერლობას ასახელებდნენ, საბოლოოდ ამ კაცმა თვითონ თქვა უარი დიპლომატობაზე. ასე სომალიშიც კი არ უდგებიან საკითხს, ეს სირცხვილია. ხელისუფლება მოქმედებს დიპლომატიის იგნორირებით, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი იმიჯი ფერმკრთალდება, ისიც უნდა ვიცოდეთ ვისი ბრალია ეს - რა თქმა უნდა, საელჩოების გაუმართავი მუშაობის. მაინტერესებს რა კონტაქტები აქვთ ჩვენს დიპლომატებს, თუნდაც სახალხო პარტიასთან. 78 წელს მიღწეული ტალეირანი, მეფემ ინგლისში გაგზავნა ელჩად და მოსისხლე მტრები, ინგლისელები და ფრანგები, მან ერთ წელიწადში დაამეგობრა. არც ფანჯიკიძე იყო რიშელიე, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ საგარეო უწყება, მთავრობის პირად კანცელარიად გადაიქცა. ან მოადგილეები რას აკეთებენ? საგარეო კუთხით უგულავას გარეშეც ცუდად გვქონდა საქმე...  ისიც ცუდია, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის საკანონმდებლო შტოდან, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. პარლამეტარებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი ნათქვამი მიდის დიპლომატიურ კორპუსამდეც. შეიძლება ვინმეს არ მოწონდეს არჩევნებში მარცხი, ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა. ზოგადად პრეცენდენტებით იქმნება დემოკრატია, მაგალითად 2012 წელს დამარცხებული სახელისუფლებო გუნდის ოპოზიციად ქცევა, ძალიან კარგი პრეცედენტია მომავლისთვის, იმავეს ვიტყვი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტყილებაზეც.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა დავით გალაშვილი

ავტორი: . .